აშშ-ს ქმედებებიდან გამოდის, რომ ბაიდენის ომი ტრამპის ომად იქცა,- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სეგეი ლავროვმა RT Arabia-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ლავროვის თქმით, აშშ რუსეთთან მოლაპარაკებებს არა როგორ ნეიტრალური მხარე, არამედ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნის როლში აწარმოებს, რასაც მარკო რუბიოს კონგრესში გამოსვლაც მოწმობს.
,,მე მაინც ვფიქრობ, რომ დასავლეთის პოზიციის არსი ერთიანი რჩება. ეს არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ დასავლეთს სურს გააგრძელოს დომინირება, როგორც ამას მსოფლიო პოლიტიკაში მრავალი საუკუნის განმავლობაში აკეთებდა და ეგონა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ისტორიის დასასრული დადგა. თუმცა ყველაფერი სხვაგვარად განვითარდა.
მოვლენების ობიექტურმა მსვლელობამ და კაცობრიობის ობიექტურმა განვითარებამ დღეს მრავალპოლარული, მრავალცენტრიანი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ეპოქამდე მიგვიყვანა, სადაც ეკონომიკური ზრდის, ფინანსური ძალისა და პოლიტიკური გავლენის ახალი ცენტრები, ბუნებრივია, მოითხოვენ ღირსეულ ადგილს გლობალური მართვის სტრუქტურებში - ისეთ ადგილს, რომელიც საერთაშორისო არენაზე მათ რეალურ წონას შეესაბამება.
ეს პროცესი ისტორიულად განპირობებულია, ობიექტურია და მისი შეჩერება შეუძლებელია. თუმცა დასავლეთი ყველანაირად ცდილობს მის შენელებას და ამისთვის არაერთ არაკეთილსინდისიერ მეთოდს იყენებს - დაწყებული უკანონო სანქციებით, ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის შეზღუდვით, არასასურველი ქვეყნების მრავალმხრივი სტრუქტურებიდან გამორიცხვით და დამთავრებული შიდა საქმეებში ჩარევით, არჩევნებზე ზემოქმედებითა და სამხედრო ინტერვენციებით, რაც არაერთხელ გვინახავს.
ამიტომ, როდესაც აშშ დიალოგის მომხრეა, ჩვენც მხარს ვუჭერთ დიალოგს. ევროპა კი, მისი დღევანდელი მდგომარეობით და ამ ელიტების ხელმძღვანელობით, ჩემთვის, ფაქტობრივად, მსოფლიო დიპლომატიისთვის მოწყვეტილი ნაჭერია. იქ ისმის ხმები, რომ ოდესმე მაინც დავილაპარაკებთ [რუსებთან], მაგრამ ეს ყველაფერი არასერიოზულია. მათ უამრავი შესაძლებლობა ჰქონდათ და ყველა ეს შესაძლებლობა გააფუჭეს.
რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, როდესაც დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, პრეზიდენტ პუტინს დაუკავშირდა, ისინი დიალოგის აღდგენაზე შეთანხმდნენ. ჩვენ ამას აქტიურად მივესალმეთ და დიალოგიც გაგრძელდა.
შემდეგ ერ-რიადში, 2025 წლის თებერვალში, შედგა ჩემი შეხვედრა მარკო რუბიოსთან. ამის შემდეგ ბევრი კონტაქტი იყო. გაიმართა ალასკის სამიტიც. ჩვენი კოლეგები მუდმივად გვეუბნებოდნენ და თავად დონალდ ტრამპიც საჯაროდ აცხადებდა: "მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა. ეს ბაიდენის ომია, ის არავის სჭირდება, ადამიანები იღუპებიან" და ა.შ.
მაგრამ ის, რაც მარკო რუბიომ კონგრესში თქვა აშშ-ს როლზე - არა როგორც შუამავლის, არამედ როგორც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნის - საპირისპიროზე მეტყველებს. გამოდის, რომ ბაიდენის ომი უკვე ტრამპის ომადაც იქცა.
მით უმეტეს, რომ პენტაგონის ბიუჯეტში უკრაინის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცებულია 2029 წლამდე, ანუ პრაქტიკულად კიდევ სამი-ოთხი წლით.
გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა, სხვათა შორის, ალასკის სამიტიდან რამდენიმე კვირაში ლუკოილისა და როსნეფტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამავე დროს, ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ყველა სანქცია ძალაში რჩება და გრძელდება.
აშშ-მ მსოფლიო ენერგეტიკულ ბაზრებზე დომინირების მიზანი გამოაცხადა. სწორედ აქედან გამომდინარეობს ვენესუელური ისტორია და ლუკოილისა და როსნეფტის მათი სრულიად კანონიერი პროექტებიდან გაძევების მცდელობებიც რუსეთის ფარგლებს გარეთ.
და კიდევ ბევრი სხვა ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ აშშ-ს მთავარი მიზანი მსოფლიო ეკონომიკის საკვანძო სფეროების, პირველ რიგში ენერგეტიკის, საკუთარ კონტროლქვეშ მოქცევაა და ამ გზით იმ პროცესების მართვა, რომლებიც გამოყენებული იქნება ჩინეთზე, რუსეთის ფედერაციასა და სხვა კონკურენტებზე ზემოქმედებისთვის - თუმცა პირველ რიგში სწორედ ჩინეთსა და რუსეთის ფედერაციაზე",- განაცხადა ლავროვმა.