საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 24 და 25 ივლისს ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის ავარიულად, არაერთგზის გათიშვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც საბოტაჟს გულისხმობს.
სუს-ის განმარტებით, აღნიშნული მუხლი მოიცავს საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას, ასევე მის დაზიანებას ან განადგურებას.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდების ავარიულად, არაერთგზის გათიშვის გამო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო“, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობისა და ახალი გარემოებების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ინფორმაციას.
ამ ეტაპზე უცნობია, კონკრეტულად რა გარემოებებმა გააჩინა შესაძლო საბოტაჟის ვერსიის შემოწმების საფუძველი. გამოძიების დაწყება თავისთავად არ ნიშნავს, რომ საბოტაჟის ფაქტი უკვე დადასტურებულია.