გურჯაანში დაგეგმილი „ღვინის ქალაქის“ პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამოცხადებული ტენდერი დასრულდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ შესყიდვაში გამარჯვებულად შპს „არქიტექტორები.ჯი2“ დასახელდა.
კონკურსში მონაწილეობა რვა კომპანიამ მიიღო. მათ შორის იყვნენ: შპს „როიალ არტ ჯგუფი“, შპს „ოფგრიდი“, შპს „აისინქი“, შპს „ნს სტუდიო“, შპს „არქვეივი“, შპს „სტუდია 21“, „მოსულიშვილი & პარტნიორები“ და შპს „არქიტექტორები.ჯი2“.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოების შესრულება 1.455 მილიონ ლარად (დღგ-ის გარეშე) ითავა, რაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულებას სრულად ემთხვევა. გამარჯვებული გამოვლინდა როგორც ხარისხობრივი შეფასებისა და საფასო წინადადების ერთობლივი შეფასების შედეგად.
სამეწარმეო რეესტრის ინფორმაციით, შპს „არქიტექტორები.ჯი2“-ის დირექტორი და 10%-იანი წილის მფლობელი ქეთევან ქობულიაა, ხოლო კომპანიის 45-45%-იან წილებს გრიგოლ კიკნაძე და ლევან მუშკუდიანი ფლობენ.
მუნიციპალური განვითარების ფონდმა აღნიშნული პროექტის პირველი ტენდერი მიმდინარე წლის 6 აპრილს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 6 მაისს დასრულდა და მასში ხუთი კომპანია მონაწილეობდა, თუმცა 27 მაისს შესყიდვა შეწყდა. ამის შემდეგ პროექტირების ახალი ტენდერი ივნისში გამოცხადდა.
ტექნიკური დავალების მიხედვით, „ღვინის ქალაქი“ გურჯაანში მრავალფუნქციურ კულტურულ-ტურისტულ ცენტრად ჩამოყალიბდება. პროექტი მოიცავს მუდმივ და დროებით საგამოფენო სივრცეებს, ინტერაქტიულ საგანმანათლებლო ზონებს, საკონსერვაციო ლაბორატორიას, სპეციალიზებულ ბიბლიოთეკას, ენოთეკასა და ფონდსაცავს, დეგუსტაციის დარბაზს, გასტრონომიულ სივრცეებს, რეკრეაციულ ზონებს, ასევე HoReCa სექტორისა და სხვა კომერციული ობიექტების განთავსებას.
პროექტის მიზანია ქართული ღვინისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა, ტურისტული პოტენციალის გაძლიერება, ადგილობრივი მეღვინეობის მხარდაჭერა და რეგიონული ეკონომიკის განვითარება.





