მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟა Binance-ზე განხორციელებულმა კიბერშეტევამ, წინასწარი შეფასებით, $6.3 მილიარდის ზარალი გამოიწვია, რაც კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ძარცვაა. კომპანიაში აცხადებენ, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობით მოპარული აქტივების ნაწილის გაყინვა უკვე შეძლეს და ამ დროისთვის დაახლოებით $3 მილიარდის ღირებულების კრიპტოვალუტა იდენტიფიცირებულია. დარჩენილი $3.3 მილიარდის შესახებ Binance-ს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია, თუმცა განაცხადა, რომ ჰაკერული თავდასხმით გამოწვეულ ზარალს სრულად აანაზღაურებს.

კრიპტოინდუსტრია წლების განმავლობაში არაერთი მასშტაბური კიბერშეტევისა და ციფრული აქტივების ქურდობის სამიზნე გამხდარა. მსგავსი შემთხვევები მომხმარებელთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს და ციფრულ აქტივებში ინვესტირების რისკებს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

2008 წელს Bitcoin-ის შექმნის შემდეგ, კრიპტოინდუსტრიაში მომხდარ უმსხვილეს თავდასხმებს შორისაა:

Bybit – $1.5 მილიარდი (2025 წლის თებერვალი)

2025 წლის თებერვალში კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit-იდან დაახლოებით $1.5 მილიარდის ღირებულების ციფრული აქტივები მოიპარეს. თავდასხმის სამიზნე ე.წ. ცივი საფულე (Cold Wallet) გახდა, რომელშიც Ether-ის ტოკენები ინახებოდა. ასეთი საფულეები, როგორც წესი, ინტერნეტთან მუდმივად დაკავშირებული არ არის და, შესაბამისად, უფრო უსაფრთხოდ მიიჩნევა.

Ronin Network – დაახლოებით $540 მილიონი (2022 წლის მარტი)

2022 წლის მარტში ჰაკერებმა დაახლოებით $540 მილიონი მოიპარეს Ronin Network-იდან – ბლოკჩეინქსელიდან, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინს შორის კრიპტოვალუტების გადატანას უზრუნველყოფს. პროექტი პოპულარულ ონლაინთამაშ Axie Infinity-სთან იყო დაკავშირებული. თავდამსხმელებმა 173 600 Ether-ისა და 25.5 მილიონი USD Coin-ის ტოკენი მიითვისეს.

Wormhole – $320 მილიონი (2022 წლის თებერვალი)

2022 წლის თებერვალში თავდასხმის სამიზნე DeFi-პლატფორმა Wormhole-ი გახდა. ჰაკერებმა დაახლოებით $320 მილიონის ღირებულების, Ether-თან დაკავშირებული 120 000 ციფრული ტოკენი მოიპარეს. მოგვიანებით თანხა Jump Trading-ის კრიპტოვალუტის მიმართულებამ აღადგინა. ჩიკაგოში დაფუძნებულ კომპანიას Wormhole-ის დეველოპერი თავდასხმამდე ერთი წლით ადრე ჰქონდა შეძენილი.

Poly Network – $610 მილიონი (2021 წლის აგვისტო)

2021 წლის აგვისტოში ჰაკერებმა დაახლოებით $610 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტა მოიპარეს Poly Network-იდან – პლატფორმიდან, რომელიც მომხმარებლებს შორის ტოკენების პირდაპირ გადარიცხვას უზრუნველყოფს. თავდამსხმელებმა მოგვიანებით მოპარული თანხის თითქმის სრული მოცულობა დააბრუნეს. შემთხვევამ განსაკუთრებით გამოკვეთა დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) სექტორში არსებული უსაფრთხოების პრობლემები. ეს მიმართულება მომხმარებლებს ტრადიციული ფინანსური შუამავლების, მათ შორის ბანკებისა და ბირჟების, გვერდის ავლით ციფრული აქტივების გასესხების, სესხებისა და დანაზოგების შესაძლებლობას აძლევს.

Coincheck – $530 მილიონი (2018 წლის იანვარი)

2018 წლის იანვარში ტოკიოში დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Coincheck კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა. ჰაკერებმა დაახლოებით $530 მილიონის ღირებულების აქტივები ბირჟის ე.წ. ცხელ საფულეში (Hot Wallet) მოიპარეს – ეს არის ციფრული საფულე, რომელიც ინტერნეტთან არის დაკავშირებული. შემთხვევამ კრიპტობირჟებზე მომხმარებელთა ფინანსური სახსრების დაცვის საკითხი კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა. იმ პერიოდში სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურში არ გამორიცხავდნენ, რომ თავდასხმის უკან ჩრდილოეთ კორეის ჰაკერული ჯგუფი იდგა.

Mt. Gox – თითქმის $500 მილიონი (2011–2014 წლები)

კრიპტოინდუსტრიის ერთ-ერთი პირველი და ყველაზე გახმაურებული თავდასხმა ტოკიოში დაფუძნებულ ბიტკოინის ბირჟა Mt. Gox-ს უკავშირდება. 2011-2014 წლებში ბირჟიდან თითქმის $500 მილიონის ღირებულების ბიტკოინი მოიპარეს. ერთ დროს Mt. Gox-ზე მსოფლიო ბიტკოინით ვაჭრობის დაახლოებით 80% მოდიოდა, თუმცა თავდასხმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ კომპანიამ 2014 წლის დასაწყისში გაკოტრების პროცესი დაიწყო. შედეგად, დაახლოებით 24 000 მომხმარებელმა საკუთარ ფინანსურ სახსრებზე წვდომა დაკარგა.

forbes.ge