NVIDIA-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა სოციალურ პლატფორმა X-ზე პირველი პოსტი გამოაქვეყნა. მან გააზიარა ღია წერილი, რომელშიც ტექნოლოგიური კომპანიები აშშ-ის ხელისუფლებას ღია ხელოვნური ინტელექტის მოდელების მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.

ჰუანგის პოსტის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი ყველა ინდუსტრიას გარდაქმნის, კომპანიების საქმიანობის ნაწილად იქცევა და მას სხვადასხვა ქვეყანა განავითარებს. მისი შეფასებით, ღია მოდელები აძლიერებს უსაფრთხოებასა და კიბერუსაფრთხოებას, აჩქარებს ინოვაციების გავრცელებას და ქვეყნებსა და ორგანიზაციებს საკუთარ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მეტი კონტროლის შესაძლებლობას აძლევს. ამავე დროს, ჰუანგი აღნიშნავს, რომ მსოფლიოს როგორც დახურული, ისე ღია მოწინავე მოდელები სჭირდება.

წერილს, სახელწოდებით „Open Weights and American AI Leadership“, ხელი სულ 25-მა კომპანიამ და ორგანიზაციამ მოაწერა. ხელმომწერთა შორის არიან NVIDIA, Microsoft, Meta, IBM, Dell Technologies, Mistral AI, Hugging Face და სხვა ტექნოლოგიური კომპანიები და ორგანიზაციები.

ღია წონების მქონე AI მოდელები ისეთი სისტემებია, რომელთა მიერ სწავლების პროცესში მიღებული პარამეტრების ჩამოტვირთვა, შესწავლა, შეცვლა და საკუთარ ინფრასტრუქტურაზე გაშვება შესაძლებელია. წერილის ავტორების განცხადებით, ასეთი მოდელები სტარტაპებს, უნივერსიტეტებს, საჯარო დაწესებულებებსა და ბიზნესებს საშუალებას აძლევს, ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები ნულიდან ძვირადღირებული მოდელის შექმნის გარეშე გამოიყენონ.

ხელმომწერები აღიარებენ, რომ ღია მოდელების გავრცელებას გარკვეული რისკებიც ახლავს. გამოქვეყნების შემდეგ მათი შეცვლილი ვერსიების გაკონტროლება და მიკვლევა რთულია. თუმცა წერილში ნათქვამია, რომ პასუხი მათი სრულად შეზღუდვა არ უნდა იყოს. კომპანიების აზრით, მკვლევრებსა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებს მოდელებზე წვდომა სჭირდებათ, რათა სისუსტეები აღმოაჩინონ და დაცვის მექანიზმები გააუმჯობესონ.

წერილის მთავარი გზავნილია, რომ აშშ-ის ლიდერობა ხელოვნური ინტელექტის სფეროში მხოლოდ ერთი ყველაზე ძლიერი მოდელით არ უნდა განისაზღვროს. ხელმომწერთა შეფასებით, გადამწყვეტი იქნება ღია და კონკურენტული ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ტექნოლოგიის სხვადასხვა სექტორში გავრცელებას, ხარჯების შემცირებასა და რამდენიმე მსხვილ მიმწოდებელზე დამოკიდებულების თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს.

წყაროები:


https://x.com/JensenHuang/status/2080643682408321103


https://www.marketwatch.com/story/jensen-huang-has-a-high-stakes-message-for-ai-policymakers-aa60017b


https://timesofindia.indiatimes.com/technology/tech-news/nvidia-ceo-jensen-huang-makes-his-first-ever-post-on-twitter-says-i-am-sharing-a-letter-signed-on-why-/articleshow/132622088.cms