გუშინ დენის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა ერთი უმნიშვნელოვანესი რეალობა: ენგურის გარეშე საქართველოს ენერგეტიკა პრაქტიკულად არ არსებობს, - ამის შესახებ ეკონომისტი, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისი მტკიცებით, ენგურის კაშხალი და წყალსაცავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო თავად ელექტროსადგური აფხაზეთში-რუსეთის კონტროლის ქვეშ. ეს ნიშნავს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილი ოკუპანტის ხელშია. ასეთ პირობებში, გოცირიძის შეფასებით, ენერგეტიკული უსაფრთხოება მხოლოდ ეკონომიკის საკითხი აღარ არის-ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
სწორედ ამიტომ, გოცირიძის აზრით, აუცილებელი იყო მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურების აშენება. მზისა და ქარის ელექტროსადგურები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი სისტემის რეგულირების ფუნქციას ვერ ასრულებენ. ამ ფუნქციის შესასრულებლად საჭიროა ისეთი პროექტები, როგორიც იყო ხუდონი, ნამახვანი და ნენსკრა.
გარდა ამისა, გოცირიძე დარწმუნებულია, რომ დენის ავარიული გამორთვები კრიპტოქარხნების მიზეზით ხდება, მათ შორის აფხაზეთში მოპოვების გამო. მისი მტკიცებით, ენერგეტიკას ანგრევს პარაზიტული კრიპტოსაწარმოები, რომელთა წილი ქვეყნის შემოსავლებში თითქმის ნულის ტოლია, ხოლო ეკონომიკაზე მათი გავლენა-მკვეთრად უარყოფითი.
"როგორი ენერგოტევადიც არ უნდა იყოს ნებისმიერი დარგი, მას არსებობის უფლება აქვს, თუ კონკურენტულ გარემოში ფუნქციონირებს და მოგებას იძლევა. საქართველოში კრიპტომაინინგის საწარმოები სწორედ იმიტომ არსებობენ, რომ სასათბურე პირობებით სარგებლობენ: ისინი მთლიანად არიან გათავისუფლებულები გადასახადისგან, ხოლო ელექტროენერგიას შეღავათიანი პირობებით იღებენ. ამ შეღავათების გარეშე ყველა მომენტაკურას შეწყვეტდა არსებობას. ისინი ვამპირები არიან, რომლებიც სისხკს წოვენ ენერგეტიკას და ქვეყნის ბიუჯეტს და ამით საზრდოობენ. ამ საწარმოების კიდევ ერთი თავისებურებაა, რომ ისინი დღე-ღამის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ და ენერგოსისტემაზე დატვირთვას ქმნიან. ამის შედეგია გახშირებული ავარიები. საქართველოში ისინი მოიხმარენ ქვეყნის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დაახლოებით 6 პროცენტს, ხოლო აფხაზეთის მოხმარების გათვალისწინებით ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იზრდება. საერთო მოხმარება დაახლოებით 1 მილიარდ კილოვატსაათს აღწევს, რაც მეტია, ვიდრე ბათუმის წლიური ელექტროენერგიის მოხმარება. ყველა კრიპტოქარხნის უკან ქართული ოცნების ქართული ოცნების ბიზნესკლანის წაემომადგენლები დგას, ხოლო მთავარი კრიოპტოვამპირი, გლადნის საწარმო, ივანიშვილის მიერ იყო დაფუძნებული. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში კრიპტოს მოპოვება დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს," - ამბობს გოცირიძე.