გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით იწვიმებს და მოსალოდნელია ელჭექი. ცალკეულ ადგილებში ნალექი შესაძლოა ძლიერი იყოს.
უხვი ნალექი განსაკუთრებით მოსალოდნელია აჭარაში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე პერიოდულად იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. შავ ზღვაზე კი შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტოს გაფრთხილებით, ძლიერმა წვიმამ შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება გამოიწვიოს. პატარა მდინარეებზე მოსალოდნელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში შესაძლოა მეწყრული და ღვარცოფული პროცესები გააქტიურდეს.
მოსალოდნელი საფრთხის დონე საშუალოდ არის შეფასებული.