უკრაინის ჩერკასის ოლქში, „ბიოსენსის“ ინდუსტრიულ პარკში, კარტოფილის გადამუშავების საწარმოს მშენებლობა დაიწყო. პროექტის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ ქარხანა უკრაინის შიდა მოთხოვნას კარტოფილის ფქვილზე სრულად დააკმაყოფილებს და საექსპორტო შესაძლებლობებსაც შექმნის.

პროექტის შესახებ უკრაინის პარლამენტის ეკონომიკური განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრო კისილევსკიმ განაცხადა.

უკრაინა ამჟამად კარტოფილის ფქვილს მთლიანად იმპორტით იღებს და წელიწადში დაახლოებით 2 500 ტონა პროდუქციას ყიდულობს. კარტოფილის ფქვილი გამოიყენება პურისა და საკონდიტრო ნაწარმის, ხორცპროდუქტებისა და სოუსების წარმოებაში.

ქარხნის პირველი ეტაპის წლიური წარმადობა 25 000 ტონა იქნება. ინვესტიციის მოცულობა 960 მილიონ გრივნად არის შეფასებული. საწარმოო შენობა 6 500 კვადრატულ მეტრს დაიკავებს, ძირითადი მოწყობილობები კი უკრაინაში უკვე ჩაიტანეს.

მშენებლობასთან ერთად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის განვითარებაც. ფართოვდება ინდუსტრიულ პარკთან მისასვლელი გზა და ტერიტორია ბუნებრივი აირის ქსელს უერთდება. 2025 წლის დეკემბერში უკრაინის მთავრობამ ამ სამუშაოებისთვის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 24.7 მილიონი გრივნა გამოყო.

პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, „ბიოსენსის“ ინდუსტრიული პარკის ფართობი 29.6 ჰექტრიდან 40 ჰექტრამდე გაიზრდება. სამომავლო გაფართოებისთვის დამატებით 60 ჰექტარი ტერიტორიაც არის გამოყოფილი.

მეორე ეტაპი 2027 წელს დაიწყება და კარტოფილი ფრის საწარმოს მშენებლობას ითვალისწინებს. მისი წლიური სიმძლავრე 60 000-დან 150 000 ტონამდე იქნება, ინვესტიცია კი დაახლოებით 2.5 მილიარდ გრივნას მიაღწევს.

მესამე ეტაპზე კარტოფილი ფრის წარმოება კიდევ უფრო გაფართოვდება, რისთვისაც დამატებით დაახლოებით 3 მილიარდი გრივნის ინვესტიცია იგეგმება.

პროექტი ასევე მოიცავს 20 000 ტონა კარტოფილის შესანახი საწყობის მოწყობას, კარტოფილის კანისგან ცილისა და სახამებლის მწარმოებელი საწარმოსა და კოგენერაციული სისტემით აღჭურვილი სასათბურე კომპლექსის მშენებლობას.

პროექტის განხორციელება უკრაინის იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს და ადგილობრივ ფერმერებს, სურსათის მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.

წყარო: "ისთფრუთი"