ესპანეთში „ჭკვიანი პლაჟების“ სისტემა ამოქმედდება, რომლის საშუალებითაც ტურისტები წინასწარ შეძლებენ არა მხოლოდ შეზლონგისა და მზისგან დამცავი ქოლგის დაჯავშნას, არამედ მზისგან დამცავი კრემისა და სადილის შეკვეთასაც. ამისთვის მხოლოდ მობილური აპლიკაცია იქნება საჭირო.

შეზლონგების დაჯავშნის პროცესი თვითმფრინავსა და კინოთეატრში ადგილების არჩევის სისტემას დაემსგავსება. აპლიკაცია რეალურ დროში აჩვენებს, რომელ მონაკვეთზეა თავისუფალი შეზლონგი, რამდენად ადაპტირებულია პლაჟი გადაადგილების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის და რა გასართობი აქტივობებია ხელმისაწვდომი.

სისტემაში ჩართულ ყველა პლაჟზე უფასო Wi-Fi იმოქმედებს. მისი საშუალებით დამსვენებლები წყალში შესვლის გარეშეც შეძლებენ ზღვის ტემპერატურის გაგებას.

ახალი აპლიკაცია მხოლოდ პლაჟზე დასვენებას არ გაამარტივებს. მისი დახმარებით ხელისუფლება მასობრივი ტურიზმის პრობლემასთან ბრძოლასაც შეეცდება, განსაკუთრებით კი ტურისტული სეზონის ყველაზე დატვირთულ პერიოდში.

როდესაც კონკრეტულ პლაჟზე ყველა შეზლონგი დაჯავშნილი იქნება და თავისუფალი ადგილი აღარ დარჩება, დამატებით ტურისტებს იქ აღარ შეუშვებენ. ეს სანაპიროსა და მისი მოწყვლადი ეკოსისტემის ჭარბი დატვირთვისა და დაზიანებისგან დაცვას შეუწყობს ხელს.

ხელისუფლება რეგულარულად მიიღებს ინფორმაციას თითოეულ პლაჟზე მყოფი დამსვენებლების რაოდენობის შესახებ. ეს მონაცემები სამაშველო ოპერაციების, დასუფთავების სამუშაოებისა და წყლის ხარისხის შემოწმების წინასწარ დაგეგმვისთვის იქნება გამოყენებული.

ევროპის სხვა ქვეყნებში პლაჟების დასაცავად განსხვავებული შეზღუდვებიც მოქმედებს.

იტალიის ერთ-ერთ პლაჟზე პირსახოცზე გარუჯვა აკრძალეს, რადგან პირსახოცებს ქვიშა მიჰყვება. დამსვენებლების დიდი რაოდენობის შემთხვევაში სანაპიროდან გატანილი ქვიშა სანაპირო ზოლისა და ადგილობრივი ეკოსისტემის დაზიანებას იწვევს.

საბერძნეთის 251 პლაჟზე კი შეზლონგები, მზისგან დამცავი ქოლგები და სეზონური ბარები აკრძალეს. ხელისუფლების შეფასებით, მსგავსი ინფრასტრუქტურა გარემოსა და ბიომრავალფეროვნებას აზიანებს და სანაპიროს ბუნებრივ იერს ცვლის.

https://euro-pulse.ru/news/turisty-v-ispanii-smogut-zabronirovat-shezlongi-i-zontiki-na-populyarnyh-plyazhah-zaranee-cherez-mobilnoe-prilozhenie/