ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ორივე მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში იყოს დანახული და ჩვენ ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ახალი შესაძლებლობები გაჩნდეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამას ემსახურებოდა ის ვიზიტები, რაც ბოლო ბოლო პერიოდში იყო.

„ჩვენ მოვისმინეთ კომენტარიც, რომელშიც ასევე იყო საუბარი იმ ცვლილებებზე, რასაც აქვს ადგილი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში. ჩვენ ვმუშაობთ აშშ-თან, თუ რა უნდა იყოს საქართველოსა და აშშ-ს შორის განახლებული ურთიერთობების შინაარსი და როგორ უნდა განვავითაროთ ეს ურთიერთობები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში კიდევ გვექნება შესაძლებლობა, უფრო მეტად ვისაუბროთ შინაარსობრივ ნაწილზე.

არაერთხელ გვითქვამს და გამოგვიცხადებია მზაობა, რომ საქართველო არის მზად და ყოველთვის იყო მზად, აშშ-თან ჰქონდეს შინაარსიანი ურთიერთობები, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს ურთიერთობები უნდა ასახავდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, აშშ-ის ინტერესებს და ეს ურთიერთობები, პირველ რიგში, უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. ჩვენ ვხედავთ იმ განწყობას აშშ-ის მხრიდან, რომ ეს არის მიღწევადი და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ურთიერთპატივისცემის მომენტზე იყოს დაფუძნებული შემდგომი ურთიერთობები, რისი შესაძლებლობაც არსებობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

1tv.ge