ევროკავშირი ამზადებს სანქციების მასშტაბურ პაკეტს, რომელიც რუსეთის უკრაინაში მიმდინარე ომის ხელშემწყობ 1 600-ზე მეტ კომპანიას შეეხება. ამის შესახებ Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სანქციები შესაძლოა რეკორდული რაოდენობის კომპანიაზე გავრცელდეს, რომელთა ერთობლივი ბრუნვა 20 მილიარდ დოლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 265 ათასს შეადგენს. დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში, ევროკავშირის სანქცირებულ სუბიექტთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 50%-ით გაიზრდება.
Bloomberg-ის ცნობით, ახალი პაკეტის მომზადება უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ძირითადად იმ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომპანიებზეა ორიენტირებული, რომლებმაც აქამდე შეზღუდვების თავიდან არიდება შეძლეს. თუმცა, სანქციების შეთანხმებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან სხვადასხვა გამონაკლისის მოთხოვნა ართულებს.
წყაროების ინფორმაციით, ახალი სანქციების პაკეტის დამტკიცება შესაძლოა ოქტომბერში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდეს. პარალელურად, ბრიუსელი დამატებით სანქციებს ამზადებს უკრაინელი ბავშვების დეპორტაციასთან დაკავშირებულ საკითხზეც.