თეირანმა არ მიიღო ომანის წინადადება ჰორმუზის სრუტის ერთობლივი რეგიონული მართვის შესახებ, - ამის შესახებ ირანელმა მაღალჩინოსანმა Reuters-ს განუცხადა.
„აშშ და საუდის არაბეთი ცდილობენ ომანზე ზეწოლას, რათა მან სტრატეგიულ სრუტესთან დაკავშირებით მათი არარეალისტური გეგმები განახორციელოს. ომანთან 50/50-ზე ერთობლივი კონტროლის შეთანხმება ირანის ინტერესებს არ ემსახურება, თუმცა თეირანი ომანს ღირებულ მეზობლად მიიჩნევს“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მისი თქმით, ირანი მოითხოვს, სრუტეში შემავალი მთელი საზღვაო მარშრუტი და გამავალი მარშრუტის ნაწილი ირანის კონტროლის ქვეშ უნდა იყოს.
Reuters-ის წყაროს ცნობით, ჰორმუზის სრუტის გარშემო არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით, ომანმა ირანს წარუდგინა სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მიერ მხარდაჭერილი გეგმა, რომელიც სრუტის ერთობლივ მართვას ითვალისწინებს. გეგმა გემებიდან ნებაყოფლობითი მოსაკრებლების აკრეფას ითვალისწინებს. ომანის წინადადების თანახმად, ჰორმუზის სრუტეზე ირანს ერთპიროვნული კონტროლი არ ექნება, ხოლო გემებისთვის დაწესებული გადასახადები ნებაყოფლობითი იქნება.