28 ივლისს მსოფლიო ჰეპატიტების დღეს აღნიშნავს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ღონისძიება გაიმართა, სადაც B და C ჰეპატიტების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე იმსჯელეს.
ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც C ჰეპატიტის ელიმინაცია ეროვნულ პრიორიტეტად აქცია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ელიმინაციის პროგრამის წარმატებით განხორციელება კიდევ ერთხელ ადასტურებს სახელმწიფოს, ჯანდაცვის სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების კოორდინირებული თანამშრომლობის როლს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევისთვის.
C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, ჩატარებულია 8,9 მილიონზე მეტი სკრინინგი, გამოკვლეულია 3,2 მილიონზე მეტი პირი, ხოლო 94 410 პაციენტი ჩაერთო მკურნალობის პროგრამაში. განკურნების მაჩვენებელმა კი 99%-ს მიაღწია.
B ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულია 30 000-ზე მეტი სკრინინგი, დიაგნოსტიკური კვლევები ჩატარებული აქვს 5 000-ზე მეტ პირს, ხოლო მკურნალობის პროცესში ჩაერთო 1 700-ზე მეტი პაციენტი.
ვირუსული ჰეპატიტების წინააღმდეგ ბრძოლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პრევენციულ ღონისძიებებს, მათ შორის, B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, უსაფრთხო სამედიცინო პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, ინფექციის გადაცემის რისკების შემცირებას, მოსახლეობის დროულ სკრინინგსა და მკურნალობის უწყვეტ ხელმისაწვდომობას.
აღსანიშნავია, რომ დიაგნოსტიკა და მკურანლობა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ღონისძიებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს