საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნატახტარი-ჟინვალის 4-ზოლიანი მაგისტრალის პროექტის ფარგლებში საჭირო უძრავი ქონების შეფასებისა და მიწის შესყიდვის გეგმის მომზადებისთვის კომპანია „კოლიერს ჯორჯია - ველიუეიშენ ენდ ედვაიზორი“ დაიქირავა. შესაბამისი მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება 24 ივლისს გაფორმდა და მისი ღირებულება 900 ათას ლარს შეადგენს.
პროექტი უკავშირდება ნატახტარი-ჟინვალის მიმართულებით ახალი 27-კილომეტრიანი, 4-ზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას. გზის განთვისების ზოლში მოქცეული მიწის ნაკვეთებისა და სხვა უძრავი ქონების გამოსყიდვისთვის საჭირო შეფასებითი სამუშაოები სწორედ Colliers-ს დაევალა.
ახალი მაგისტრალი გაივლის მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე დასახლებას, მათ შორის წიწამურს, საგურამოს, ჭოპორტს, წითელსოფელს, არაგვისპირს, ბულაჩაურს, ქუბრიანთკარსა და ჟინვალს.
საქართველოს მთავრობამ 1 ივლისს გამოსცა განკარგულება აღნიშნული პროექტისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების გამოსყიდვის შესახებ. თუმცა, დოკუმენტში არ არის მითითებული რამდენი მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა იგეგმება და რა იქნება გამოსყიდვისთვის საჭირო საერთო ბიუჯეტი.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 16 ხიდის მშენებლობა. მათ შორის ყველაზე გრძელი იქნება მდინარე არაგვზე გამავალი ორი პარალელური ხიდი, რომელთა სიგრძე 991 მეტრს შეადგენს. ასევე გათვალისწინებულია ხიდები მდინარე თეზამზე, წირდალისხევზე, ახატნისხევსა და აბანოსხევზე.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალ მაგისტრალზე მოძრაობა საათში 120 კილომეტრი სიჩქარით იქნება შესაძლებელი, რაც 27-კილომეტრიანი მონაკვეთის გავლას დაახლოებით 15 წუთში გახდის შესაძლებელს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, ახალი მაგისტრალის მშენებლობის საჭიროება დაკავშირებულია როგორც ადგილობრივი სატრანსპორტო ნაკადების ზრდასთან, ასევე საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვების მოცულობის მატებასთან, რის გამოც არსებული ორზოლიანი გზის თანამედროვე სტანდარტების მაგისტრალით ჩანაცვლება იგეგმება.
შერჩეული ალტერნატივა - წითელი. საპროექტო მარშრუტი წიწამურიდან წითელსოფლამდე

შერჩეული ალტერნატივა - წითელი. საპროექტო მარშრუტი წითელსოფლიდან ჟინვალამდე (გაგრძელება)

წყარო: bm.ge