Snickers-მა თავისი არაქისის კარაქის ხაზის პოპულარიზაციისთვის საკმაოდ უჩვეულო კამპანია წამოიწყო – ბრენდმა დეგუსტაციაზე მხოლოდ ის ადამიანები მიიწვია, რომლებსაც ჰქვიათ Reese, Reece, Rhys ან ამ სახელის სხვა ვარიაციები.
კამპანიის ფარგლებში მონაწილეები Snickers Peanut Butter-ის პროდუქტებს აგემოვნებენ და საკუთარ რეაქციებს კამერის წინ აფიქსირებენ. მთავარი აქცენტი გაკეთებულია კლასიკური Snickers-ის peanut butter ვერსიაზე, რომელიც აერთიანებს კრემოვან არაქისის კარაქს, ხრაშუნა არაქისს, კარამელს, ნუგასა და რძიან შოკოლადს.
ბრენდი არ ცდილობს, გვაჩვენოს,რომელი ჯობია – კრემოვანი “peanut butter” თუ ხრაშუნა. პირიქით, Snickers ხაზს უსვამს იმას, რომ მისი პროდუქტი ორივე ტექსტურას ერთდროულად აერთიანებს. კამპანიაში ასევე გამოჩნდა Snickers Peanut Butter Ice Cream-იც, რომელიც არაქისს როგორც ნაყინის შიგნით, ისე ტოპინგის სახით იყენებს.
კამპანიის ვიდეოები კომიკოსმა ერიკ ანდრემ გადაიღო. რეკლამები განზრახ არის გაკეთებული იმპროვიზებული სტილით, რაც მათ უფრო ბუნებრივ და სახალისო ხასიათს აძლევს.
ადამიანების არჩევა, რომლებსაც Reese ჰქვიათ, პირდაპირი მინიშნებაა Reese’s-ის ბრენდზე – Snickers-ის ერთ-ერთ მთავარ კონკურენტზე არაქისის კარაქისა და შოკოლადის კატეგორიაში. ვიდეოებში მონაწილეები თითქოს „ნეიტრალურ მსაჯებად“ არიან წარმოდგენილი, სანამ პროდუქტს პირველად გასინჯავენ. კამპანია კი ირონიულად მიანიშნებს, რომ შესაძლოა, იმ ადამიანებმაც კი, ვისი სახელიც ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტკბილეულის ბრენდს უკავშირდება, არჩევანი Snickers-ის სასარგებლოდ გააკეთონ.
ვიდეოების გარდა, ამერიკაში მცხოვრებ ყველა ადამიანს, ვისაც Reese ან მისი რომელიმე ვარიაცია ჰქვია, შეუძლია ხელი მოაწეროს Snickers Peanut Butter-ის მხარდამჭერ „ფიცს“. მონაწილეები, რომლებიც საჯაროდ გამოხატავენ მხარდაჭერას, სხვადასხვა პრიზის მოგების შანსსაც მიიღებენ, მათ შორისაა Snickers Peanut Butter-ის ერთწლიანი მარაგიც. კამპანია 11 ივნისამდე გაგრძელდება.