ტანსაცმელზე არსებული ღილები და ელვა-შესაკრავები მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულების მქონე დეტალები როდია. ისინი დიზაინის იმ მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მემკვიდრეობა გახლავთ, რომლებიც დროთა განმავლობაში გენდერულ სტერეოტიპებსა და სოციალურ კლასებს ახასიათებდათ. დღეს, როცა მაღაზიაში სრულიად ჩვეულებრივ, კლასიკურ თეთრ პერანგს არჩევთ, სტილი იმდენად მარტივია, რომ ერთი შეხედვით რთულია იმის თქმა, ქალისთვისაა ის შექმნილი თუ მამაკაცისთვის. თუმცა, არსებობს ერთი ნაკლებად შესამჩნევი რამ – ქალის პერანგებს ღილები, როგორც წესი, მარცხნივ აქვს, მამაკაცისას კი – მარჯვნივ. ხშირად ამავე პრინციპს მიყვება შარვლებისა თუ ქურთუკების ელვა-შესაკრავებიც. მოდის ისტორიკოსები და მკვლევრები დიდი ხანია სწავლობენ ამ ფენომენს და პასუხი, ძირითადად, წარსულში, ტრადიციებსა და სამოსის შექმნის ძველ მეთოდებში იმალება. ნებისმიერი მცირე დეტალიც კი მატერიალური კულტურის ნაწილია და ბევრ რამეს ამბობს იმაზე, თუ როგორ ცხოვრობდნენ, შრომობდნენ და ფიქრობდნენ ადამიანები საუკუნეების წინ.

ღილები დიდგვაროვანი ქალბატონებისთვის

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აღიარებული თეორია ევროპული მოდის ისტორიიდან მოდის. საუკუნეების წინ მდიდარი, დიდგვაროვანი ქალბატონები ძალიან რთულ, მრავალშრიან კაბებს ატარებდნენ, რომელთა დამოუკიდებლად ჩაცმა და უამრავი ღილის შეკვრა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. შესაბამისად, მათ ყოველთვის სჭირდებოდათ დამხმარე ძალა.

ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ღილების განლაგება სწორედ მომსახურე პერსონალის კომფორტზე იყო მორგებული, რაც თავის მხრივ, სოციალურ კლასებს შორის განსხვავებასაც უსვამდა ხაზს. ცნობილია, რომ კაცობრიობის დაახლოებით 90% მემარჯვენეა. როდესაც მოსამსახურე ქალი დიდგვაროვნის პირისპირ დგებოდა მის ჩასაცმელად, სამოსის მარცხენა მხარეს არსებული ღილები იდეალურად სწორდებოდა მსახურის წამყვან, მარჯვენა ხელთან. ეს განლაგება მსახურის საქმეს საგრძნობლად ამარტივებდა.

მამაკაცები კი, პირიქით, სამოსს ძირითადად თავად იცვამდნენ. ამიტომ, მათი პერანგები, შარვლები თუ მუნდირები ისე იქმნებოდა, რომ თავად მფლობელისთვის ყოფილიყო მარტივი შესაკრავი – ანუ ღილები მარჯვენა მხარეს თავსდებოდა, რათა საკუთარი მარჯვენა ხელით ადვილად მოეხერხებინათ საქმე. მამაკაცის ტანსაცმლის დიზაინს ყოველთვის ყოველდღიური პრაქტიკულობა და ფუნქციონალი განსაზღვრავდა.

გარდა ამისა, ისტორიკოსები სამხედრო ტრადიციების გავლენასაც ახსენებენ. მამაკაცები იარაღსა და ხმალს, როგორც წესი, მარცხენა თეძოზე ატარებდნენ და მარჯვენა ხელით იშიშვლებდნენ. შესაბამისად, ქურთუკებისა და პერანგების მარჯვნიდან მარცხნივ შეკვრის პრინციპი იმასაც უზრუნველყოფდა, რომ იარაღის სწრაფად ამოღებისას ხმლის ტარს ქსოვილის კანტზე არ წამოედო და მოძრაობა არ შეეფერხებინა.

უცვლელი ჩვევები ინდუსტრიალიზაციის პირობებში

როდესაც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში ტანსაცმლის მასობრივი, ფაბრიკული წარმოება დაიწყო, ბრენდებს ერთიანი, სტანდარტიზებული თარგები დასჭირდათ. ქარხნული წარმოება მხოლოდ მაშინ არის ეფექტური, როდესაც შაბლონები მუდმივია. სწორედ ამიტომ, ღილების განლაგების ეს ძველი ტრადიცია წარმოებაში ავტომატურად გადავიდა და შენარჩუნდა, მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ადამიანებს მისი პირველწყარო და მიზეზები დაავიწყდათ.

ხოლო როდესაც მეოცე საუკუნის დასაწყისში პოპულარული ელვა-შესაკრავები გამოჩნდა, ტანსაცმლის მწარმოებელმა კომპანიებმა ახალი წესების გამოგონება აღარ დაიწყეს. მათ უბრალოდ აიღეს ის ძველი თარგები, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში ღილებისთვის იყენებდნენ და ელვაც ზუსტად იმავე მიმართულებით ჩააკერეს.

დღეს, რეალობა ნელ-ნელა იცვლება. სულ უფრო მეტი თანამედროვე ბრენდი ქმნის უნისექს და გენდერულად ნეიტრალურ სამოსს, დიზაინერების დიდი ნაწილი კი საერთოდ აღარ აქცევს ყურადღებას ძველ, „მარცხენა და მარჯვენა მხარის“ მკაცრ წესებს. ეს ხომ, საბოლოო ჯამში, მხოლოდ მოდის ტრადიციაა და დღეს არანაირი პრაქტიკული მიზეზი აღარ არსებობს იმისა, რომ ქალისა და მამაკაცის სამოსი სხვადასხვა მხარეს იკვრებოდეს. წესების დარღვევა დღეს აბსოლუტურად მიღებული ფორმაა, სამოსის ინდივიდუალური შეკერვისას კი თითოეულ ადამიანს შეუძლია შესაკრავი – იქნება ეს ღილი, ელვა, წებოვანი ლენტი თუ საკუთარი გამოგონება – ზუსტად იქ განათავსოს, სადაც თავად თვლის საჭიროდ.

წყარო: Fastcompany

www.marketer.ge