შვიდმა ქვეყანამ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ნობელის პრემიის ნომინანტად წარადგინა. ტრამპის ნობელის მშვიდობის პრემიაზე წარდგენის ინიციატორი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანაიაჰუა.
ისრაელის გარდა, ამერიკული ლიდერის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, კამბოჯას პრემიერ-მინისტრმა ჰუნ სენმა, პაკისტანის მთავრობამ, რუანდის საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლივიე ნდუხუნგირეხემ და გაბონის პრეზიდენტმა ბრაის ოლიგი ნგემამ. ეს ტრამპის პირველი ნომინაცია ნობელის პრემიისთვის არ არის. 2018 წელს მსგავსი ინიციატივა ნორვეგია ჰქონდა. მიზეზად კი სამხრეთ კორეის ნახევარკუნძულზე ნუკლერული პრობლემის მოგვარების მცდელობა დასახელდა.
„ტრამპის ძალისხმევა, მიიღოს მშვიდობის პრემია, ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს“ - განმარტავს ნობელის კომიტეტი.
დონალდ ტრამპის აკვიატებულ სურვილს, მომავალ თვეში ნობელის მშვიდობის პრემია მიიღოს, შესაძლოა, სერიოზული დაბრკოლება შეექმნას - ნორვეგიის ნობელის კომიტეტი მტკიცე არის დარწმუნებული, რომ დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს. სააგენტო „ფრანს პრესს“ კომიტეტში განუცხადეს, რომ მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლებელია. იანვარში თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ, ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს ამ პრესტიჟული ჯილდოს მიღება, რომელიც მისმა დემოკრატმა ოპონენტმა, ბარაკ ობამამ, 2009 წელს, თანამდებობის დაკავებიდან მალევე, ბევრისთვის მოულოდნელად მიიღო. 79 წლის მილიარდერი ყველა შესაძლებლობას იყენებს იმის სათქმელად, თითქოს, პრემიას „იმსახურებს“ და ამტკიცებს, რომ ექვს ომს მოუღო ბოლო, მიუხედავად იმისა, რომ ომები ღაზასა და უკრაინაში, რომელთა მოგვარებაც, მისი თქმით, სურს, კვლავ მძვინვარებს. „რა თქმა უნდა, ვამჩნევთ, რომ მედია კონკრეტული კანდიდატების მიმართ დიდ ყურადღებას იჩენს“, - განუცხადა ოსლოში მიცემულ ინტერვიუში „ფრანს პრესს“ კომიტეტის მდივანმა, კრისტიან ბერგ ჰარპვიკენმა.
„თუმცა, ეს, რეალურად, არანაირ გავლენას არ ახდენს კომიტეტის შიგნით მიმდინარე დისკუსიებზე. კომიტეტი თითოეულ ნომინანტზე ინდივიდუალურად, მათი დამსახურების მიხედვით მსჯელობს“, - დასძინა მან. წლევანდელი ლაურეატი 10 ოქტომბერს დასახელდება. ტრამპი თავის პრეტენზიას იმით ამყარებს, რომ რამდენიმე უცხოელმა ლიდერმა, მათ შორის, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, მისი კანდიდატურა ან წარადგინა, ან მხარი დაუჭირა მის ნომინაციას.
წლევანდელი პრემიის ნომინაციაზე ტრამპის კანდიდატურის წარსადგენად, მათ ძალიან სწრაფად და გამჭრიახად უნდა ემოქმედათ, რადგან განაცხადების მიღება 31 იანვარს, ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავებიდან სულ რაღაც 11 დღეში დასრულდა.
სატელეფონო ზარი
„მოგეხსენებათ, რომ იმ პირთა სია, ვისაც ნომინირების უფლება აქვს, საკმაოდ გრძელია. ამიტომ, ნომინირება სულაც არ არის დიდი მიღწევა. ნამდვილი მიღწევა ლაურეატობაა“, - გაანგრძობს ჰარპვიკენი. ნომინანტების წარდგენის უფლება მსოფლიოს ყველა ქვეყნის პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს, ყოფილ ლაურეატებსა და ზოგიერთი უნივერსიტეტის პროფესორებს აქვთ. შესაბამისად, ათასობით და ათიათასობით ადამიანსაც კი შეუძლია კანდიდატურის დასახელება. წელს კომიტეტი გამარჯვებულს 338 ინდივიდისა და ორგანიზაციისგან შემდგარი სიიდან შეარჩევს. ეს სია, 50 წლის განმავლობაში, გასაიდუმლოებული იქნება.
საბოლოო, მოკლე სიაში ყველაზე ღირსეული კანდიდატები ხვდებიან, რის შემდეგაც თითოეულ მათგანს ექსპერტი აფასებს. „როდესაც კომიტეტი მსჯელობს, დისკუსიის საფუძველი სწორედ ეს შეფასებაა და არა ის, თუ რომელმა მედიამ მიიპყრო ბოლო 24 საათის განმავლობაში ყველაზე მეტი ყურადღება“, - ამბობს ჰარპვიკენი, რომელსაც, მიუხედავად იმისა, რომ კომიტეტს ხელმძღვანელობს, ხმის უფლება არ აქვს. „კარგად ვიცით, რომ ყოველწლიურად არაერთი კამპანია ტარდება. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობთ, პროცესი და შეხვედრები ისე წარიმართოს, რომ რომელიმე კამპანიის არასათანადო გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ“, - აღნიშნა მან.
ფინანსური გამოცემა Dagens Naeringsliv-ის თანახმად, ტრამპმა მშვიდობის პრემიის საკითხი, ივლისის ბოლოს, ნორვეგიის ფინანსთა მინისტრთან და ნატო-ს ყოფილ გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ტარიფების შესახებ სატელეფონო საუბრისას წამოჭრა. ფინანსთა სამინისტრომ ზარის ფაქტი დაადასტურა, მაგრამ კომენტარი არ გააკეთა იმაზე, ისაუბრეს თუ არა მხარეებმა ნობელის პრემიაზე.
ნაკლებად სავარაუდო?
მიუხედავად იმისა, რომ ნორვეგიის ნობელის კომიტეტის ხუთ წევრს ნორვეგიის პარლამენტი ნიშნავს, კომიტეტი ამტკიცებს, რომ მისი გადაწყვეტილებები პარტიული პოლიტიკისა და მოქმედი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად მიიღება. ამის ნათელი მაგალითია 2010 წელს პრემიის მინიჭება ჩინელი დისიდენტისთვის, ლიუ სიაობოსთვის, როდესაც კომიტეტმა ნორვეგიის მთავრობის ფრთხილი გაფრთხილებები უგულებელყო. ამ ფაქტმა წლების განმავლობაში პეკინსა და ოსლოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაყინვა გამოიწვია. „ნობელის კომიტეტი სრულიად დამოუკიდებლად მოქმედებს და არ შეუძლია, ინდივიდუალური კანდიდატების განხილვისას, ასეთი მოსაზრებები გაითვალისწინოს“, - აცხადებს ჰარპვიკენი. ნორვეგია მულტილატერალიზმის მტკიცე მხარდამჭერია - პრინციპის, რომელსაც, თავის დროზე, პრემიის დამფუძნებელი, ალფრედ ნობელი იცავდა, მაგრამ ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“-ს პოლიტიკამ თავდაყირა დააყენა.
ამიტომ, ადგილობრივი ექსპერტები აშშ-ის პრეზიდენტის გამარჯვების განსაკუთრებულ შანსებს ვერ ხედავენ. „ამ ტიპის ზეწოლა, როგორც წესი, კონტრპროდუქტიული აღმოჩნდება ხოლმე“, - ამბობს ნორვეგიის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (NUPI) კვლევითი დირექტორი, ჰალვარდ ლეირა. „კომიტეტმა პრემია ახლა ტრამპს რომ გადასცეს, მას, ცხადია, მლიქვნელობასა და დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევაში დაადანაშაულებენ, რომლის ერთგულებაზეც თავადვე საუბრობს“, - განუცხადა მან „ფრანს პრესს“. აგვისტოში ნობელის პრემიის სამი ექსპერტი კიდევ უფრო შორს წავიდა და ჩამოთვალა მიზეზები, თუ რატომ არ უნდა მიიღოს ეს ჯილდო აშშ-ის პრეზიდენტმა. ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა მისი აღფრთოვანება რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის მიმართ, რომელსაც, უკვე სამი წელია, უკრაინის წინააღმდეგ ომი აქვს გაჩაღებული.
„ნობელის კომიტეტის წევრებს ჭკუა უნდა დაეკარგათ, ეს რომ მოხდეს“, - წერდნენ ისინი თავიანთ საავტორო სვეტში.
წყარო: 1 არხი