საქართველოს მთავრობამ ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობისთვის სახელმწიფო სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებისა და მათი პროფესიული განვითარების წესი და პირობები დაამტკიცა.

როგორც მთავრობის ამ დადგენილებაშია აღნიშნული, ვეტერინარებს საქმიანობისთვის შესაბამისი სახელმწიფო სერტიფიკატის აღება დასჭირდებათ, რომლის მოქმედების ვადაც 2030 წლის პირველ იანვრამდე იქნება განსაზღვრული.

დადგენილების თანახმად, 2025 წლის პირველ იანვრამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დაამტკიცებს „ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს“ დებულებას და უზრუნველყოფს საბჭოს შექმნას.

უკვე 2025 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 1-ელ იანვრამდე ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართვის საფუძველზე, სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატს. ხოლო 2026 წლის პირველი იანვრიდან ვეტერინარის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე საქმიანობა აკრძალული იქნება..

დადგენილების თანახმად, სახელმწიფო სერტიფიკატის მოსაპოვებლად სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს განმცხადებლის სახელს, გვარს, საცხოვრებელი ადგილის მისამართს, მოქალაქეობას, სამსახურის (თუ განმცხადებელი მუშაობს) მისამართს. აგრეთვე, სპეციალობათა არჩევანის შემთხვევაში მითითებას, თუ რომელი ვეტერინარული სპეციალობით აპირებს მაძიებელი სახელმწიფო სერტიფიკატის მიღებას;

ბ) უმაღლესი ან/და პროფესიული ვეტერინარული განათლების დამადასტურებელი დიპლომის დედანი და ასლი, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი;

გ) ინფორმაცია პროფესიული სამუშაო გამოცდილების შესახებ (CV);

დ) პირადობის მოწმობის ასლი;

ე) შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს აქვს ასეთი დოკუმენტი;

ვ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების ვადის გასაგრძელებლად ამ პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს:

ვ.ა) უწყვეტი პროფესიული განვითარების დამადასტურებელი დოკუმენტის/პროფესიული მომზადებისა ან/და პროფესიული გადამზადების პროგრამის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის დედნები ასლებთან ერთად;

ვ.ბ) არსებული სახელმწიფო სერტიფიკატის დედანი და ასლი;

ვ.გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ სპეციალობაში ჩატარებული სამუშაოების აღწერა:

ზ) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

ბიზნესპრესნიუსი