მახათას მთაზე სამხედროებისთვის დამატებით 43 კორპუსი აშენდება, სადაც სამხედრო მოსამსახურეებს ბინების მ²-ის შეძენა 100 დოლარად შეეძლებათ. 

ხალი პროექტი პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე დააანონსა, თუმცა არ დაუკონკრეტებია თუ სად აშენდება ახალი ჯარის ქალაქი. როგორც შემდგომ „კომერსანტს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, 43 კორპუსი თბილისში, მახათას მთაზე აშენდება.

„ვიწყებთ ახალ, მასშტაბურ პროექტს, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და ბინები გადაეცემა 1 200 სამხედრო მოსამსახურეს, ეს არის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჩვენი უდიდესი პატივისცემის გამოხატულება.

თანამონაწილეობის პრინციპის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურეები კვადრატულ მეტრზე მხოლოდ 100 აშშ დოლარს გადაიხდიან და ამის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს. ბინები განაწილდება სულადობის პრინციპის შესაბამისად, სამხედროები 50, 80 და 110 კვ.მ. ბინებს მიიღებენ. მომავალშიც გაგრძელდება ეს პროექტი,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სამხედრო მოსამსახურებისთვის ჯარის ქალაქის პროექტი თავდაცვის სამინისტროს თბილისში, მახათას მთაზე აქვს განხორციელებული, სადაც 1,092 ბინა არის განთავსებული. პროექტი თავდაცვის სამინისტროს სსიპ „დელტას“ საკუთრებაში არსებულმა კომპანია „დელტა მშენებელმა“ ააშენა.