ტურისტული კომპანია "ნოვა ტურის" დამფუძნებლის მამუკა ჯიქიას განცხადებით, მაღალფასიან საკურორტო მიმართულებებზე მოთხოვნა გაიზარდა.

როგორც ჯიქია  "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, ის მომხმარებელი, რომელიც დაბალფასიან ტურს ირჩევდა, ფაქტობრივად, გაქრა.

მისივე ინფორმაციით, ქართველების მხრიდან ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ამჟამად, თურქეთია.

"საკმაოდ ნაყოფიერი და პროდუქტიული ზაფხულის სეზონი იყო. წლევანდელ წელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ კუთხით, რომ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გასვლამ, ჩვენი მომხმარებლების იმ კონტიგენტს, რომლებიც სხვადასხვა კურორტებზე ისვენებდნენ, არჩევანი გერმანიაზე გააკეთებინა.

საერთო ჯამში, ის მომხმარებელი, რომელიც დაბალფასიან ტურს ირჩევდა, ფაქტობრივად, გაქრა. დღესდღეობით საქართველოში საშუალო ფენისთვის ძალიან რთულია წელიწადში რამდენჯერმე, დასვენების მიზნით დანაზოგის გაკეთება. აღნიშნულმა კონტინგენტმა არჩევანი გააკეთეს ქართულ კურორტებზე და შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს კურორტებზე ადგილობრივი დამსვენებლების რიცხვი გაიზარდა.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჩვენთან მოთხოვნა გაიზარდა მაღალი კატეგორიის მაღალფასიან მიმართულებებზე. ასევე, ნომერ პირველი მიმართულება, რომელიც ყველაზე მოთხოვნადად რჩება ქართველებისთვის არის თურქეთი. ამის მიზეზი არის ფრენების სიხშირე და თურქული დასვენების ტიპი, რომელიც ქართველებისთვის მისაღებია", - აცხადებს "ნოვა ტურის" დამფუძნებელი.

bp.ge