აზერბაიჯანში, 6 წლის წინ დაწესებული, სპეციალური საკარანტინო რეჟიმი ისევ გახანგრძლივდა. აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვის ახალი განკარგულებით, ქვეყანაში მოქმედი სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა კიდევ ერთხელ გადავადდა. ოფიციალური ბაქოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის საბაბით დაწესებული შეზღუდვები 2027 წლის 2 იანვრამდე იმოქმედებს.
მანამდე მოქმედი დადგენილებით, საკარანტინო შეზღუდვების ვადა 2026 წლის 1 ოქტომბერს იწურებოდა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანს სახმელეთო საზღვრები 2020 წლის გაზაფხულიდან, პანდემიის დასაწყისიდანვე აქვს ჩაკეტილი. ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ამის საჭიროება იარსებებს.
ამჟამად აზერბაიჯანში შესვლა მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტითაა შესაძლებელი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს ქვეყნის დატოვება სახმელეთო გზითაც შეუძლიათ.
წყარო: report.az