Visual Capitalist-მა Global Entrepreneurship Monitor-ის (GEM) 2025/2026 წლების გლობალური ანგარიშის მონაცემებზე დაყრდნობით იმ ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ბიზნესის დაწყებისა და განვითარების გარემო ყველაზე ხელსაყრელია. 53 ეკონომიკას შორის პირველ ადგილს არაბთა გაერთიანებული საამიროები იკავებს, 7-ქულიანი შეფასებით. მეორე ადგილზე ტაივანია (6.5 ქულა), მესამეზე – საუდის არაბეთი (6.5), ხოლო მეოთხეზე ლიტვა (6.4). ხუთეულს ინდოეთი ასრულებს 6.2 ქულით.
რეიტინგი ბიზნესგარემოს 13 ძირითადი პირობის შეფასებას ეფუძნება. მათ შორისაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სამთავრობო პოლიტიკა, ფიზიკური და კომერციული ინფრასტრუქტურა, ბაზარზე შესვლის სიმარტივე, სამეწარმეო განათლება და სხვა ფაქტორები. შეფასება ეროვნული ექსპერტების მოსაზრებებს აერთიანებს და ასახავს, რამდენად ხელსაყრელ გარემოს ქმნის კონკრეტული ეკონომიკა ახალი ბიზნესის დასაწყებად და უკვე არსებული კომპანიების გასაზრდელად.
რეიტინგის ლიდერი არაბთა გაერთიანებული საამიროები 7 ქულით შეფასდა და პირველ პოზიციას ზედიზედ მეხუთე წელია ინარჩუნებს. ქვეყანამ განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენა ფიზიკური ინფრასტრუქტურის, სახელმწიფო პოლიტიკისა და ბაზარზე შესვლის პირობების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 53 ეკონომიკიდან მხოლოდ 16-მა მიიღო 5 ან მეტი ქულა, რაც GEM-ის მეთოდოლოგიით ბიზნესისთვის საკმარისად მხარდამჭერ გარემოდ მიიჩნევა.
ცალკე აღსანიშნავია, რომ ინდოეთი მეხუთე ადგილზეა და 6.2 ქულით ყველა G7-ის ეკონომიკას უსწრებს. შედარებისთვის, აშშ მე-20 ადგილზეა 4.8 ქულით, გერმანია – 24-ზე 4.7 ქულით, ხოლო გაერთიანებული სამეფო – 37-ზე 4.2 ქულით. რეიტინგის ბოლო პოზიციებს ვენესუელა (3.2 ქულა) და ანგოლა (3.0 ქულა) იკავებენ.