აგვისტოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 570 ათასამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, ივლისთან შედარებით სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 6 546 ადამიანით ნაკლებია.
წლის დასაწყისთან შედარებით კლება კიდევ უფრო თვალსაჩინოა - იანვარში საარსებო შემწეობას თითქმის 140 ათასით მეტი ადამიანი იღებდა.
აგვისტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის 153 258 პირი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული. პროგრამა 2026 წლიდან აღარ გრძელდება, თუმცა ის მოქალაქეები, რომლებსაც ოთხწლიანი პერიოდი ჯერ არ ამოწურვიათ, სისტემაში კვლავ რჩებიან.
პარალელურად, სახელმწიფო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემების გადამოწმებას აგრძელებს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, წლის ბოლომდე სოციალური სტატუსის გადახედვა დამატებით დაახლოებით 65 ათას ოჯახს შეეხება.
პრემიერის წლიური ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წელს საარსებო შემწეობა უკვე შეუწყდა 22 707 ოჯახს. მისივე ინფორმაციით, ხუთი თვის განმავლობაში სახელმწიფომ 40 ათასზე მეტი ოჯახი გადაამოწმა, რის შედეგადაც ნახევარზე მეტს სოციალური დახმარება შეუწყდა. მთავრობის შეფასებით, ამ პროცესმა დაახლოებით 55 მლნ ლარის ეკონომია გამოიწვია.
„წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეკონომია 75 მლნ ლარი იქნება. თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახები შერჩეულია კონკრეტული კრიტერიუმით, ხოლო შემდეგმა გადამოწმებამ ყველა ოჯახი უნდა მოიცვას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.