რუსეთის პროკრემლისტური ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია საზღვარგარეთ განხორციელებულ ფულად გზავნილებზე 5%-იანი სავალდებულო გადასახადის დაწესების ინიციატივით გამოდის. პარტიის ლიდერი ლეონიდ სლუცკი ინიციატივის ერთ-ერთ არგუმენტად რუსეთიდან საქართველოში განხორციელებულ გადარიცხვებს ასახელებს.

სლუცკიმ შესაბამისი წინადადებით რუსეთის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს მიმართა,- ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა TASS-ს ავრცელებს.

ინიციატივის მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ რუსეთიდან საზღვარგარეთ განხორციელებულ ყველა ფულად გზავნილს 5%-იანი გადასახადი უნდა დაეკისროს. სლუცკი ასევე ითხოვს, რომ თანხა ბანკებმა და საგადახდო სისტემებმა ავტომატურად დააკავონ და ფედერალურ ბიუჯეტში მიმართონ.

სლუცკის მიერ მოყვანილი მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივლისში რუსეთიდან საქართველოში 291.8 მლნ დოლარი გადაირიცხა.

„თუ ფული რუსეთში არის გამომუშავებული, მისი ნაწილი აქ უნდა დარჩეს და ჩვენი ეკონომიკისა და ხალხისთვის იმუშაოს“, — განაცხადა სლუცკიმ TASS-თან.

მისი თქმით, რუსეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები საზღვარგარეთ მნიშვნელოვან თანხებს რიცხავენ, თუმცა ასეთი ტრანზაქციები ამჟამად ცალკე გადასახადით ან სხვა სავალდებულო მოსაკრებლით არ იბეგრება.

პარტიის ლიდერის შეფასებით, რუსეთიდან მიგრანტების მიერ საზღვარგარეთ ყოველწლიურად დაახლოებით 25 მლრდ დოლარი ირიცხება, გზავნილებზე 5%-იანი გადასახადის დაწესება კი ფედერალურ ბიუჯეტში დამატებით შემოსავლებს შექმნის.