economic intelligence unit-ის მიერ შედგენილი ყოველწლიური ინდექსის მიხედვით, ვენა კიდევ ერთხელ დასახელდა საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად.
„ვენა აკმაყოფილებს ბევრ მოთხოვნას და მართლაც, საცხოვრებლად ძალიან კარგი ქალაქია, ქალაქი, რომელიც უბრალოდ კარგად ფუნქციონირებს. ვენა ბრწყინვალედ აერთიანებს საკუთარ თავში ჩრდილოევროპულ ეფექტიანობასა და სამხრეთევროპული ცხოვრების წესს, ეს წესი კი ძალიან ბევრ სიამოვნებასთან ასოცირდება”, – ამბობს ნიკოლაი გრაზერი, ვენის ტურისტული საბჭოს სპიკერი.
ავსტრიის დედაქალაქში მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი დიდი უპირატესობაა, თუმცა სასურსათო პროდუქტების ხარჯი მაღალია.
„მარტივად ჟღერს, თუმცა ვფიქრობ, რომ სატრანსპორტო სისტემა, მართლაც, ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან მარტივია ვენაში გადაადგილება. ფაქტობრივად, ერთი ადგილიდან მეორეში წასვლას 30 წუთი სჭირდება”, – ამბობს ვენაში მცხოვრები ლარს მარტეინი.
„ნამცხვრები საკმაოდ ძვირია, მაგრამ ეს ცხოვრების მთავარი მოთხოვნილება ხომ არ არის. საკვები ძვირია, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ყველაზე კარგი ისაა, რომ შეგიძლია გახვიდე გარეთ, თავი იგრძნო უსაფრთხოდ და ყველაფერი ხელმისაწვდომია”, – ამბობს ანა როსოლინი, რომელიც ვენის მკვიდრია.
რეიტინგში ვენას დანიისა და შვეიცარიის ქალაქები მოსდევს. ავსტრიის დედაქალაქი კიდევ ერთი წელი შეინარჩუნებს „საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქის” სახელს.
წყარო: euronewsgeorgia