სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათზე) დატანილი QR კოდის საშუალებით სხვადასხვა შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ,- ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.

უწყების განმარტებით, სტუდენტის აქტიური სტატუსის ID ბარათზე ასახვას თავად სააგენტო უზრუნველყოფს და აღნიშნული მომსახურება უფასოა.

QR კოდით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შესაძლებელია სხვადასხვა შეღავათის მისაღებად, მათ შორის საზოგადოებრივი და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას, მუზეუმებსა და ბოტანიკურ ბაღებში ვიზიტისას და სხვა მომსახურებებზე.

მომსახურებით სარგებლობა შეუძლიათ იმ პირებს, რომლებიც განათლების სამინისტროს შესაბამის რეესტრში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედ სტუდენტებად არიან რეგისტრირებული და რომელთა სტატუსიც შეჩერებული ან შეწყვეტილი არ არის.

სტუდენტის სტატუსის QR კოდზე ასახვის მოთხოვნით მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, იუსტიციის სახლის ფილიალს ან მობილურ იუსტიციის სახლს.

განაცხადის შეტანა შესაძლებელია როგორც ახალი პირადობის ან ბინადრობის ელექტრონული მოწმობის აღებისას, ისე უკვე გაცემულ დოკუმენტზე.

უკვე გაცემულ ID ბარათზე სტუდენტის სტატუსის ასახვის შემთხვევაში სააგენტო გადაწყვეტილებას განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იღებს.

მომსახურებაზე უარი შეიძლება ითქვას, თუ პირი შესაბამის საგანმანათლებლო რეესტრში სტუდენტად არ ფიქსირდება, მისი სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილია, ან პირადობის ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერებულია.

სტუდენტს ასევე შეუძლია მოითხოვოს, რომ მისი სტატუსის შესახებ ინფორმაცია QR კოდის საშუალებით ხელმისაწვდომი აღარ იყოს. ასეთ შემთხვევაში მონაცემებზე წვდომა შეიზღუდება.