Freedom House-ის 2026 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება გაუარესდა და ქვეყანამ „თავისუფალი“ კატეგორიიდან „ნაწილობრივ თავისუფალში“ გადაინაცვლა. საქართველომ 100-დან 68 ქულა მიიღო, მაშინ როდესაც წინა ანგარიშში მისი შეფასება 70 ქულა იყო.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლებამ გააძლიერა ონლაინ და ოფლაინ აქტივიზმის შეზღუდვა, რომელიც უკავშირდებოდა საპროტესტო აქციებს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, არ დაეწყო ევროკავშირთან ინტეგრაციის მოლაპარაკებები.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ მმართველი პარტიის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ონლაინ ჟურნალისტებსა და სოციალური ქსელების მომხმარებლებს სულ უფრო ხშირად უწევთ ჯარიმებთან, ჩხრეკებთან, დაბარებებსა და გამოძიებებთან გამკლავება.
ანგარიშის მიხედვით, ონლაინ მობილიზების შეზღუდვისა და აქციის მონაწილეთა თვალთვალისთვის სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენების გამო შემცირდა ონლაინ აქტივობის თავისუფლებაც. ასევე გაუარესდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მაჩვენებელი, რადგან ხელისუფლების კრიტიკისთვის ინტერნეტის მომხმარებლების მიმართ სანქციები გახშირდა.