საზაფხულო ტურისტული სეზონი დასრულდა. რეგიონების მიხედვით, წელს აჭარა გამოირჩეოდა, სადაც ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული სეზონი ჩატარდა. რეგიონი გადატვირთული იყო როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული ტურისტებით. განსაკუთრებით დიდი ინტერესი ბათუმისა და მიმდებარე კურორტების მიმართ დაფიქსირდა. ვიზიტორების დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ასევე სვანეთში, ბაკურიანსა და კახეთში. საქართველოს რეგიონების მიმართ უცხოელი ტურისტების მხრიდან ინტერესი გაიზარდა, რის გამოც საზაფხულო სეზონზე თბილისში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნა.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ ,,კომერსანტის დილის“ ეთერში სტუმრობისას აღნიშნავს, რომ საქართველო სრულიად დასათვალიერებელ ლოკაციას იქცა და უცხოელი ტურისტები თბილისში შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ.
,,დღესდღეობით შეიცვალა საქართველოში ტურისტის ჩამოსვლის შინაარსი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ტურისტი საქართველოში ჩამოდიოდა თბილისში ატარებდა მისი ვიზიტის დღეების უმრავლესობას, შეიძლება ითქვას სრულადაც. თუმცა საქართველო გახდა სრულიად დასათვალიერებელი ადგილი. ადამიანი, რომელიც თბილისში მოფრინავს, ხშირ შემთხვევაში გადაადგილდება რეგიონებში. შესაბამისად, ტურისტი თბილისში ძალიან ცოტა ღამეს ათენებს. ამას ემატება ქუთაისის პირდაპირი რეისები, რომლითაც ჩამოსული ტურისტი დასავლეთ საქართველოში ნაწილდება. ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია. რეგიონების განვითარების კუთხით ხელშემწყობია.’’- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
,,კომერსანტის დილაში“ ასევე ისაუბრეს ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე. შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოს 3-ჯერ მეტი ვიზიტორის მიღების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
,,პოტენციალი ძალიან დიდია. ქვეყანას სამჯერ მეტი ტურისტის მიღება შეუძლია. რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურის განვითარების შემთხვევაში. ამ ეტაპზე, ერთიანად 15 მილიონი ტურისტი რომ მივიღოთ კოლაფსი იქნება. განვითარება აუცილებელია და ეტაპორბივად უნდა მოხდეს. საქართველოში ინფრასტრუქტურა თუ გამართული იქნება და ვგულისხმობ არამარტო გზებსა და პირდაპირ ფრენებს, არამედ ტურისტებისთვის ხელსაყრელ პირობებს გადაადგილებისთვის. ტურისტს არ უნდა სჭირდებოდეს მხოლოდ და მხოლოდ გიდით გადაადგილება. მას თვითნებურად გადაადგილების შესაძლებლობაც უნდა ჰქონდეს, როგორც ევროპაშია. ამისათვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ნაბიჯები გადასადგემლია, რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდან და შემდეგ ამაში ავტომატურად ებმება კერძო სექტორი.’’- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.
რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ სარესტორნო ბიზნესისთვის ზაფხულის ტურისტული სეზონიც შეაჯამა. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, აგვისტოს თვე ტრადიციულად თბილისში კვების ობიექტებისთვის რთული იყო.
,,ეს გამოსწორდა კოვიდამდე და სტაბილურობა შეინიშნა, მაგრამ კოვიდის მერე ტენდენცია შეიცვალა და შესაბამისად შემოსავლების კუთხით თბილისი აგვისტოში სხვა თვეებთან შედარებით ნაკლებად შემოსავლიანია. ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გამოსწორდება და შეიძლება ითქვას 3-4 წელიწადში აგვისტო იგივე დადებითი თვე გახდება და ერთ-ერთი საუკეთესო თვედ იქცევა. მთლიან ჭრილში რესტორნებისთვის, ძალიან კარგი შემოსავლიანი პერიოდი იყო. პირველ ადგილზე აჭარა დგას და შემდეგ მოყვება სხვა რეგიონები და თბილისი“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
სექტემბრის თვე ტურისტების მილევის პერიოდია, თუმცა რთველის დროს კახეთი ვიზიტორებისთის ერთ-ერთი მიმზიდველი ლოკაციაა. რაც შეეხება ზამთრის კურორტებს, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, ზამთრის საკურორტო სეზონზე არჩევნები მოახდენს გავლენას.
,,ეს არ არის სწორი. არჩევნები უნდა ტარდებოდეს და ქვეყანა ავტომატურად, თავისით უნდა ვითარდებოდეს. არ უნდა ვიყოთ ამაზე დამოკიდებული, მაგრამ არჩევნები იქნება გადამწყვეტი შემდეგი პერიოდისთვის, თუ როგორ ჩატარდება, რა სტაბილურობა შეიქმნება. ასევე როგორი იქნება განწყობა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების. ზამთრის კურორტებზე ჩვენთან მოთხოვნა ძალიან დიდია და ვიცით რომ ზოგადად ზამთრის კურორტები ერთ-ერთი ძვირი სიამოვნებაა. საქართველო ამ კუთხით მდიდარი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა რომ ინფრასტრუქტურა ჯერჯერობით ნაწილობრივ გამართულია. 10 ბალიდან თუ შევაფასებს 3-ზე ვდაგავრთ.’’- აცხადებს შოთა ბურჯანაძე.