უძრავი ქონების დეველოპმენტის სექტორი საქართველოში საბანკო დაკრედიტების ყველაზე მსხვილ მიმართულებად რჩება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სექტორის საკრედიტო პორტფელმა 5.41 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 27%-იანი ზრდაა.
შედარებისთვის, მთლიანად ბიზნესსექტორზე გაცემული სესხების მოცულობა 44.56 მილიარდ ლარს შეადგენს და წლიურად 10%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, დეველოპმენტის სექტორის დაკრედიტება მთლიან ბიზნესპორტფელზე თითქმის სამჯერ სწრაფად იზრდება.
საკრედიტო პორტფელის მოცულობით მეორე ადგილზე უძრავი ქონების მენეჯმენტია, 4.86 მილიარდი ლარით. ამ მიმართულებით წლიური ზრდა 29%-ს შეადგენს. მას მოსდევს მომსახურების სექტორი 4.52 მილიარდი ლარით (+7%), სოფლის მეურნეობა – 3.95 მილიარდი ლარით (+12%) და ენერგეტიკა – 3.24 მილიარდი ლარით (+26%).
საკმაოდ მაღალი ზრდა დაფიქსირდა ბენზინგასამართი სადგურებისა და ბენზინის იმპორტიორების დაკრედიტებაშიც – 29%-ით, 915 მილიონ ლარამდე. 23%-ით, 1.04 მილიარდ ლარამდე გაიზარდა ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოებისა და ვაჭრობის სექტორის პორტფელი.
ამასთან, რამდენიმე მიმართულებაში ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა შემცირდა. ყველაზე მკვეთრი კლება საფინანსო ინსტიტუტების სექტორშია – 29%-ით, 1.08 მილიარდ ლარამდე. 15%-ით, 2.62 მილიარდ ლარამდე შემცირდა სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის საკრედიტო პორტფელი, ხოლო მძიმე მრეწველობის დაკრედიტება 12%-ით, 701 მილიონ ლარამდე დაეცა.
ყველაზე მაღალი წლიური ზრდა სახელმწიფო ორგანიზაციების დაკრედიტებაში დაფიქსირდა – 443%, თუმცა პორტფელის მოცულობა შედარებით მცირეა და 195 მილიონ ლარს შეადგენს.