14 სექტემბერს მოსკოვი კიევის "უზარმაზარ დამდნარ ადგილად" გადაქცევით დაიმუქრა იმ შემთხვევაში, თუ უკრაინას მოკავშირეები დასავლური შორსმოქმედი იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას მისცემენ.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა ამის შესახებ Telegram-არხზე დაწერა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინისთვის დასავლური იარაღის გამოყენებაზე ნებართვის მიცემის განხილვა დაიწყეს.
მედვედევმა, რომელსაც, როგორც გამოცემა Politico წერს, "ბირთვულ იარაღზე ლაყბობა უყვარს", თქვა, რომ კრემლს ამგვარი იარაღის გამოყენებისთვის "ფორმალური საფუძველი" უკვე აქვს, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, კურსკის ოლქში შეჭრაში გამოიხატება, თუმცა სანაცვლოდ შეუძლია "უახლესი რუსული ტექნოლოგიის" გამოყენებაც, რომლითაც უკრაინის დედაქალაქს "უზარმაზარ დამდნარ ადგილად" გადააქცევს.
"მოსკოვი მოთმინებას იჩენს, თუმცა პომპეზურ ანგლო-საქსელ იმბეცილებს არ სურთ, აღიარონ ერთი რამ: ნებისმიერ მოთმინებას საზღვარი აქვს" - წერს მედვედევი Telegram-ზე.
ამასთანავე, მედვედევი წერს, რომ "ბირთვული კონფლიქტი არავის სჭირდება", ვინაიდან "ნათელია, რომ ასეთი რეაქცია რთულ გადაწყვეტილებასთან ასოცირდება, რომელსაც შეუქცევადი შედეგები მოჰყვება".
ცნობისთვის, პარასკევს, 13 სექტემბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, კირ სტარმერი და აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვაშინგტონში შეხვდნენ, რათა უკრაინის მიერ ბრიტანული Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენებაზე ემსჯელათ, თუმცა გადაწყვეტილება არ გამოუცხადებიათ.
ამის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 სექტემბერს განაცხადა, რომ დასავლეთი რუსეთთან ომში პირდაპირ ჩაერთვება, თუკი იგი უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებას დართავს. მისი თქმით, ეს ნაბიჯი კონფლიქტის მასშტაბსა და ხასიათს შეცვლის.
ხოლო თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენლის, ჯონ კირბის 13 სექტემბრის განცხადებით, შეერთებული შტატები უკრაინისთვის გადაცემული შორი მანძილის რაკეტების რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვის მინიჭების თაობაზე პოლიტიკის შეცვლას არ გეგმავს. მიუხედავად ამ განცხადებისა, უცნობია, მიიღო თუ არა აშშ-მ უკრაინისთვის შესაბამისი ნებართვის მიცემის გადაწყვეტილება.
წყარო: ტაბულა