"რთველისის" დამფუძნებლის და დირექტორის თორნიკე ჭიკაძის ინფორმაციით, მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, წელს მიღებული ყურძნის მოსავალი ხარისხიანია, ხოლო სახელმწიფომ მაქსიმალურად უზრუნველყო მევენახეების მხარდაჭერა.

როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" თორნიკე ჭიკაძემ აღნიშნა, ამჟამად, რთველი არ დასრულებულა და ისევ მიმდინარეობს.

"ყველა ქართულ მწარმოებელს გამოწვევებით სავსე პერიოდი გვქონდა, კლიმატური პირობები საკმაოდ რთული გახლდათ. მიუხედავად ამისა მოსავალი კარგი გვაქვს, შესაბამისად, შევძელით რომ აღნიშნული მოსავლიდან ხარისხიანი პროდუქცია აგვერჩია. მსგავსი სახის გამოწვევებს ვერც მეწარმე, სახელმწიფო, მევენახე ვერ გამორიცხავს. ახლა დასავლეთის მხარეს გადავდივართ, ქართულ კომპანიებს დასავლეთის ყურძენი დაგვრჩა მისაღები. 

ჩემი აზრით, წელს სახელმწიფომ მაქსიმალური გააკეთა, რომ მევენახეებს ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩენოდათ. მეორე საკითხია, რა როგორ შეფერხდა, მაგრამ მაინც ყურძნის დაბინავება კარგად მოხერხდა", - აღნიშნავს "რთველისის" დამფუძნებელი.

შეგახსენებთ, "რთველისის" ისტორია 1920 წლიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში დაარსებული მამა-პაპისეული მარანი განახლდა კომპანიის მიერ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა და ზუსტად ამ მარანში იწარმოება დღეს "რთველისის" ქვევრის ღვინო.

"რთველისი" დაკომპლექტებულია უახლესი ევროპული დანადგარებით და თანამედროვე ლაბორატორიით, რის შედეგადაც იწარმოება უმაღლესი ხარისხის ღვინო და ყურძნისეული წარმოშობის სხვა ალკოჰოლური სასმელი.

წყარო: „ბიზნესპარტნიორი“