განათლების სფეროში დაანონსებული ცვლილების მიხედვით, თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს მხოლოდ ერთი კონკრეტული საგანმანათლებლო მიმართულება მიეკუთვნება — მაგალითად, იურიდიული ფაკულტეტი მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დარჩება, ხოლო დედაქალაქის სხვა უნივერსიტეტებს იურიდიული პროგრამები აღარ ექნებათ,- ამის შესახებ კომპიუტერული სკოლა „მზიურის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გრიშა ლაბაძემ "კომერსანტის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, მთავრობის მიერ შომთავაზებული 3+1 მოდელი სტუდენტებს არჩევანს უზღუდავს და უნივერსიტეტების ავტონომიის პრინციპსაც ეწინააღმდეგება.
,,დაანონსებული ცვლილებით, თუ გინდა, ისწავლო თბილისში და გინდა, ისწავლო იურიდიულზე, აუცილებლად მოგიწევს სწავლა თსუ-ში. ანალოგიურად იქნება განსაზღვრული ნებისმიერი სხვა მიმართულება კონკრეტული უნივერსიტეტისთვის, ქალაქში მიმართულების დუბლირება არ მოხდება. ეს ნიშნავს არჩევანის შეზღუდვას, რაც შემდგომში კარგ პროცესებს, რა თქმა უნდა, არ გვიქადის. დღეს როცა გვაქვს უნივერსიტეტების ავტონომია, ასეთი ზემოდან ქვემოთ ჩარევით, ამ პრინციპს, ფაქტობრივად, ვაცამტვერებთ.
განათლების მიმართულებით ძალიან ბევრ პრობლემას წავაწყდებით. მაგალითად, თუ ვსწავლობ იურიდიულზე და მინდა, მეორადი პროფესია ავირჩიო, ამის შესაძლებლობა არ მექნება, რადგან ჩემს უნივერსიტეტს მხოლოდ იურიდიული მიმართულება აქვს",- ამბობს გრიშა ლაბაძე.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების გავლენის ქვეშ კერძო უნივერსიტეტების მოქცევაც მხოლოდ დროის საკითხია.
,,როცა ანონსდება ის, რომ შეიძლება კერძო უნივერსიტეტმა ვეღარ მიიღოს სტუდენტი გრანტით, ეს უკვე ნიშნავს კერძო უნივერსიტეტებზე შეტევას და მათი გავლენის ქვეშ მოქცევა უბრალოდ დროის საკითხია. იწყება სახელმწიფო უნივერსიტეტებით, შემდეგ კი იგივე გაგრძელდება კერძო უნივერსიტეტებზე, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი კი იქნება დაფინანსების კუთხით პრობლემების შექმნა. დაანონსდა უცხოელი სტუდენტების რაოდენობის შემცირებაც, რომლებიც არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფო უნივერსიტეტების ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველყოფენ, მაგალითად, სამედიცინოს და ასევე, ბევრი კერძო უნივერსიტეტისაც",- თქვა ლაბაძემ რადიო "კომერსანტის" ეთერში.