რომ ვფიქრობდე, რეგიონულ მიმართულებას ქვეყანაში ჩემზე უკეთ ვერავინ მიხედავს, მაშინ გვერდით არ გავიწეოდი და არ დავტოვებდი არც პოლიტიკას, არც თანამდებობას. ნამდვილად მიხედავენ, „ქართულ ოცნებას“ აქ კადრის პრობლემა არ აქვს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, გუნდში უამრავი ლიდერია, ვინც ამ მიმართულებასაც კარგად მიხედავს.

„მგონია, რომ ამ ქვეყანაში რაღაც-რაღაცებში ჩემი მოკრძალებული წვლილი შეტანილი მაქვს. ათი წელი ამ ინტენსივობით, ამ ჩართულობით, ამ პასუხისმგებლობით გავატარე და ვფიქრობ, ცოტა დასვენებასაც და საკუთარ ოჯახზე, საკუთარ თავზე ზრუნვასაც ვიმსახურებ. ჩემი შვილები, ერთი ცხრა წლისაა, მეორე – 13-ის და პრაქტიკულად, უჩემოდ გაიზარდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სავარაუდოდ, კერძო სექტორში გააგრძელებს მუშაობას.

„კერძო სექტორში, ალბათ. შეიძლება, ბიზნესშიც მოვსინჯო ჩემი ძალები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის თქმით, არ უფიქრია, საკუთარ პროფესიას დაბრუნებოდა.

„გინდ დამიჯერეთ, გინდ არა, არ მიფიქრია. ადრე ხუმრობით ამ თემაზე მილაპარაკია, შეიძლება, ჩემზე ცნობილი ადვოკატი ბევრი არ იყოს ათწლეულები ამ ქვეყანაში-თქო, ამაზეც მიხუმრია, მაგრამ ახლა სერიოზულად ამ თემაზე არ მიფიქრია. შეიძლება, ბიზნესში მოვსინჯო ჩემი ძალები, რადგან აზარტული ნამდვილად ვარ ამ მიმართულებით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.