რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარატ კამბოლოვს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„არჩევნებში ასეთმა დამაჯერებელმა გამარჯვებამ სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების მხრიდან თქვენ მიმართ ნდობის მაღალი ხარისხი დაადასტურა“, - წერს პუტინი მისალოც წერილში.

მისივე თქმით, მოსკოვსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები „მეგობრულ და მოკავშირეობრივ ხასიათს ატარებს“. პუტინი ასევე იმედოვნებს, რომ კამბოლოვის საქმიანობა ამ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

სააგენტო „რესი“ წერს, რომ განახლებული მონაცემებით, ხმების 99%-ის დათვლის შემდეგ კამბოლოვი 85.12%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზე მურატ ვალიევია 3.75%-ით, მესამე ადგილზე კი ყაზბეგ კოდოევი — 2.40%-ით. ზურაბ კოკოევს 1.35% აქვს. ამომრჩეველთა აქტივობამ 73% შეადგინა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ ცხინვალში 18 სექტემბერს ჩატარდა. კენჭისყრამდე კამბოლოვი ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. მანამდე მას რუსეთის ფედერალურ უწყებებში, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, მაღალი თანამდებობები ეკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ კენჭისყრას უკანონო უწოდა და განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ე.წ. არჩევნები „ვერ მიანიჭებს ლეგიტიმაციას საოკუპაციო რეჟიმს“ და ვერ შეცვლის საქართველოს ტერიტორიის საერთაშორისო სამართლებრივ სტატუსს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები დაგმეს საქართველოს პარტნიორმა ქვეყნებმა. მათ შორის, ევროკავშირმა, წევრი ქვეყნების სახელით დაგმო რუსეთის მიერ რეგიონზე კონტროლის გაძლიერების მცდელობები და კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

დიდმა ბრიტანეთის შეფასებით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის კიდევ უფრო გამყარების მცდელობები საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. ლონდონმა რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდა.