თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ფერმერის დღე 2026“ გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ფერმერებმა და აგრობიზნესის წარმომადგენლებმა საკუთარი პროდუქცია და საქმიანობა წარმოადგინეს. დამსწრეებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება საქართველოს ირაკლი კობახიძემ და დავით სონღულაშვილმა გახსნეს. მინისტრის განცხადებით, ქართული აგროსექტორი ბოლო წლებში იზრდება და მისი პროდუქციის ექსპორტიც რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს.

„გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში რეკორდული 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად საშუალოდ 8%-ით იზრდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ხუთი აგროსასურსათო პროდუქტია.

„ჩვენი მიზანია, სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი, გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ ბაზრებზე“, - აღნიშნა სონღულაშვილმა.

„ფერმერის დღის“ ფარგლებში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქცია, გაიმართა კულინარიული მასტერკლასები და სხვადასხვა აქტივობა. ღონისძიების ბოლოს სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის რამდენიმე ფერმერი და აგრობიზნესის წარმომადგენელი დააჯილდოვეს.