რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის ხელმოწერას გამოეხმაურა.
მედვედევის განცხადებით, მოსკოვმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სამხედრო შეკავების გზით უნდა უპასუხოს.
„ისინი მხოლოდ პირდაპირი სამხედრო შეკავების ენას იგებენ და სწორედ ამ ენაზე უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა მედვედევმა.
მისივე თქმით, ახალი კანონი „რუსოფობიური სისასტიკეა“. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტი მისი ერთ-ერთი ინიციატორის, ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის სახელს ატარებს.
დონალდ ტრამპმა კანონს ხელი 18 სექტემბერს მოაწერა. დოკუმენტი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას ითვალისწინებს, ასევე აშშ-ის პრეზიდენტს უფლებამოსილებას ანიჭებს, დამატებითი ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის ნავთობსა და გაზს დიდი მოცულობით ყიდულობენ.