ევროპის კოსმოსური სააგენტოს Swarm თანამგზავრული მისიის მონაცემების თანახმად, დედამიწის მაგნიტური ველის სამხრეთ ატლანტიკური ანომალია 2014 წლიდან შეიცვალა — მისი ფართობი პლანეტის ზედაპირის თითქმის 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო მინიმალური ინტენსივობა 22,430-დან 22,094 ნანოტესლამდე შემცირდა, – ამის შესახებ ნათქვამია ESA-ს ანგარიშში.
მეცნიერებმა ასევე დააფიქსირეს მაგნიტური ზონების გადანაწილება სხვა რეგიონებში. კანადაში ძლიერი მაგნიტური ველის ფართობი დედამიწის ზედაპირის 0.65%-ით შემცირდა მაშინ როცა ციმბირში მსგავსი ზონა 0.42%-მდე გაიზარდა.
სპეციალისტების თქმით, ასეთი ძვრები დაკავშირებულია უკუდინების რეგიონების მოძრაობასთან — რეგიონებთან, სადაც მაგნიტური ველის ნაკადები პლანეტის წიაღში ბრუნდება.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ რეგიონებიდან ერთ-ერთი აფრიკის თავზე დასავლეთისკენ გადაადგილდება, რაც სამხრეთ ატლანტიკური ანომალიის შესუსტებას ზრდის“, - თქვა დანიის ტექნიკური უნივერსიტეტის გეომაგნეტიზმის პროფესორმა კრის ფინლეიმ.
ანომალია მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს. მის საზღვრებში დედამიწის მაგნიტური ველი დაახლოებით 200 კმ სიმაღლემდე ეცემა, საშუალოდ კი 650 კმ-ია. ამის გამო, სამხრეთ ატლანტიკაზე გამავალი თანამგზავრები მზის ნაწილაკებისა და რადიაციის გაზრდილ დონეს განიცდიან, რაც ზრდის აღჭურვილობის გაუმართაობისა და დაზიანების რისკს.
მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ დაკვირვებადი ცვლილებები მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. ანომალიის შემდგომმა გაფართოებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას თანამგზავრულ სისტემებს და დაბალ ორბიტაზე მომუშავე სხვა ტექნოლოგიებს.