ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5%-ით გაზარდა და 2026 წლისთვის ის 6%-ით განსაზღვრა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ეს ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ ფონზე, როდესაც ბანკმა არაერთი რეგიონის, მათ შორის ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები შეამცირა. მინისტრის მოადგილის განმარტებით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანეს როგორც ტურიზმთან დაკავშირებულმა მიმართულებებმა, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის, საფინანსო და სადაზღვევო სფეროებმა.
„ჩვენი მოლოდინით, როგორც 2026 წელს, ასევე 2027 წელს საქართველოში იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა შენარჩუნდება, ვიდრე ამას სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებს. ვნახეთ არაერთი გავლენიანი ორგანიზაციის შეფასება, რომელიც პერიოდულად ზრდისკენ კორექტირდება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ხაზს უსვამს პირველ კვარტალში დაფიქსირებულ მაღალ აქტივობას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პერიოდში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 9,1% შეადგინა. შესაბამისად, მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიური განხორციელების ფონზე, ველოდებით, რომ 2026-2027 წლებში ეკონომიკური ზრდის დინამიკა საკმაოდ მაღალი იქნება“, - აღნიშნავს ვახტანგ ცინცაძე.
მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებები, რადგან ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის ეკონომიკის სიჯანსაღეს. მისი განცხადებით, გლობალურად და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სწრაფ ეკონომიკურ ზრდას განაგრძობს, რაც საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკით არის განპირობებული.
„რა თქმა უნდა, ამას ხელს უწყობს ის რეფორმები, რომლებიც ეკონომიკის სტრუქტურულ ტრანსფორმაციასა და გრძელვადიან პერსპექტივაში მაღალი ტემპების შენარჩუნებას ემსახურება. არაერთი გამოწვევის მიუხედავად, 2021-2025 წლებში საქართველოს საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9,3% შეადგინა. ჩვენი ამოცანაა, ეს პოზიტიური დინამიკა მომავალშიც შევინარჩუნოთ. მსგავსი ტიპის შეფასებები პირდაპირ აისახება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების განწყობებზე. ბიზნესწრეები ამ მონაცემებსა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებებს გულდასმით აკვირდებიან და მათზე დაყრდნობით იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას ინვესტირების, რეინვესტირებისა თუ სხვა ბიზნესსაქმიანობის დაწყების თაობაზე“, - განმარტავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
EBRD-ის განახლებული პროგნოზით, 2027 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,0%-ით გაიზრდება. ბანკის შეფასებით, 2026-2027 წლებში ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის საქართველოს ყველაზე მაღალი საშუალო ზრდა ექნება. კერძოდ, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სხვა კანდიდატი ქვეყნების მაჩვენებელს ორჯერ, ხოლო 2026-2027 წლების საშუალო მაჩვენებელს 1,7-ჯერ გადააჭარბებს.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს