ევროპის სანაპიროებზე იზრდება ვიბრიოს ბაქტერიების გავრცელების რისკი, რასაც მეცნიერები ზღვის წყლის დათბობასა და კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ. თემაზე სტატიას „ევრონიუსი“ აქვეყნებს და წერს, რომ ბაქტერიას ხშირად „ხორცისმჭამელს“ უწოდებენ, თუმცა ეს უფრო მედიის მიერ გამოყენებული ტერმინია. 
ვიბრიო ზღვის წყალში და ნახევრად მარილიან წყლებში ცხოვრობს, განსაკუთრებით მდინარისა და ზღვის შესართავებთან.


ზოგი სახეობა ადამიანისთვის უვნებელია, მაგრამ რამდენიმე სახეობამ შეიძლება კუჭ-ნაწლავის და ჭრილობის ინფექცია გამოიწვიოს, მძიმე შემთხვევებში სისხლის ინფექციაც (სეფსისი) არ არის გამორიცხული. 
 

ევროპაში განსაკუთრებით გავრცელებულია ბაქტერიის ისეთი სახეობები, როგორიცაა Vibrio vulnificus, Vibrio parahaemolyticus და Vibrio cholerae.


არსებობს ამ ბაქტერიით დაინფიცირების ორი ძირითადი გზაა: უმი ან არასაკმარისად დამუშავებული ზღვის პროდუქტების მიღება და ღია ჭრილობის მქონე ადამიანის კონტაქტი ინფიცირებულ წყალთან. 
რაც შეეხება მძიმე შემთხვევებს, ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილების სწრაფი დაზიანება, სეფსისი, უკიდურეს შემთხვევებში კიდურის ამპუტაციის აუცილებლობაც კი.

ევროპის დაავადებათა პრევენციის ცენტრის განცხადებით, ყველაზე მაღალი საფრთხე ზაფხულში, განსაკუთრებით სიცხის ტალღების დროსაა თბილ და არაღრმა სანაპირო წყლებში;

„ევრონიუსის“ ცნობით, ესპანეთში უკვე იყო შემთხვევები, როდესაც სანაპიროების ნაწილი  ჯანმრთელობის რისკების გამო დროებით დაიხურა.

თუმცა, სტატიაში არაა საუბარი იმაზე, რომ ევროპის პლაჟები მასობრივად საშიში გახდა. სპეციალისტების მთავარი გზავნილია, რომ ზღვის დათბობის გამო ვიბრიოს გავრცელების არეალი ფართოვდება და მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს. 

Jandacva.ge