თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის აღმასრულებელი დირექტორის სალომე ყვავილაშვილის განცხადებით, ველნეს-სპა მიმართულების განვითარება საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტს მოიზიდავს. როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" განმარტა, აღნიშნულისთვის სახელმწიფოს ჩართულობა მნიშვნელოვანი დ აუცილებელია.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ველნეს-სპა მიმართულებებზე ქვეყანაში ძირითადად მხოლოდ ადგილობრივები ინტერესდებიან.

"ჩვენი მომხმარებლების ძირითად ნაწილს ადგილობრივები წარმოადგენენ. ბალნეოლოგიურის მიმართულება, რომ წახალისდეს სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა აუცილებელია. ვერც ერთი კურორტი ვერ შეძლებს თავისი რესურსით საერთაშორისო ბაზრებზე მომსახურებისა და სერვისის გატანას. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოთხოვნა დაახლოებით, 15%-ით გაიზარდა და ყველაზე მეტად ეს ზრდა რეაბილიტაციისა და სპა-ველნეს მიმართულებით შეიმჩნევა. 

ქართველებმა უკვე ისწავლეს და დაინახეს რა საჭიროებები არის ჯანსაღი ცხოვრების მიმართულებით და აღნიშნულ პროცედურებზე მოთხოვნა გააქტიურებულია. 

საქართველოს სამედიცინო ველნეს-სპა ტურიზმის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. ველნეს-სპა მიმართულებით ქვეყანაში ყველაზე მაღალმხარჯველუნარიანი მომხმარებელი ჩამოდის. ის არ არის ერთდღიანი და ორდღიანი ტურისტი და ის გაცილებით ბევრს ხარჯავს. ევროპაში, სადაც მსგავსი ტიპის კურორტებია ტურისტების 80% იტარებს ამათუ იმ პროცედურას. სახელმწიფოს ინტერესი უნდა იყოს ის, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით ბევრი ტურისტი შემოვიდეს. აღნიშნულ საკითხზე გვქონია სახელმწიფოსთან კომუნიკაცია და მოლოდინის რეჟიმში ვართ", - აცხადებს სალომე ყვავილაშვილი.

შეგახსენებთ, სახელმწიფო თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტის 100%-ს სახელმწიფო ფლობდა, 1998 წელს შენობას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, დღეს თბილისის ბალნეოლოგიურ კუროტის 75%–ს შპს „მეიდანზე“ ფლობს, 25%–ს კი კომპანია „მეიდანი”.