ახლო აღმოსავლეთის ნავთობი გლობალური ენერგეტიკული ბაზრისთვის კვლავ კრიტიკულად მნიშვნელოვან საყრდენად რჩება, თუმცა მასზე დამოკიდებულების ხარისხი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რადიკალურად განსხვავდება.
გამოცემა Visual Capitalist-მა, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) 2024 წლის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, იმ ქვეყნების რეიტინგი შეადგინა, რომელთა შიდა მოხმარებაც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთიდან იმპორტირებულ ნავთობზე. შედეგები კი ნათლად აჩვენებს მკვეთრ გეოპოლიტიკურ კონტრასტს: მაშინ, როდესაც ჩრდილოეთი ამერიკა ამ რეგიონიდან ნავთობის მინიმალურ წილს ყიდულობს, აზიის უმსხვილესი ეკონომიკები ახლოაღმოსავლურ მიწოდებაზე კრიტიკულად დამოკიდებულნი რჩებიან.
მაგალითად, როგორც IEA-ს 2024 წლის ანგარიშიდან ირკვევა, იაპონია ახლო აღმოსავლეთიდან შიდა მოხმარების 77%-ის ეკვივალენტური ნავთობის იმპორტს ეწევა. საკმაოდ მაღალია შიდა მოხმარებაში ახლო აღმოსავლეთიდან იმპორტირებული ნავთობის წილი ტაივანის (63%), სამხრეთ კორეის (57%), ინდოეთისა (45%) და ჩინეთის (38%) შემთხვევაში. მსგავსი გადანაწილება აღმოსავლეთ აზიას ახლო აღმოსავლეთის ნედლი ნავთობის ერთ-ერთ უმთავრეს დანიშნულების ადგილად აქცევს. რეიტინგის სათავეშია პაკისტანიც, რომლის ნავთობის შიდა მოხმარების 78% ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე მოდის.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მეორე მხარეს არიან კანადა (1%), ნიგერია (2%), ამერიკის შეერთებული შტატები (3%) და ბრაზილია (3%). შიდა მოპოვებისა და ალტერნატიული წყაროების წყალობით, ისინი ახლო აღმოსავლეთის მიწოდებაზე მინიმალურად არიან დამოკიდებულნი. აშშ-ისა და კანადის მაჩვენებლები, თავის მხრივ, ქვეყნების შიდა წარმოებისა და რეგიონულ მომწოდებლებზე წვდომის შედეგია.
შიდა მოხმარებაში ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე დამოკიდებულებით, სიის სათავეში შედარებით მცირე ზომის ეკონომიკები — ერიტრეა (91%) და მადაგასკარი (89%) — არიან. თუმცა, გლობალური ენერგეტიკული პერსპექტივიდან, ყველაზე გავლენიანი მოთამაშეები აზიაში იმყოფებიან.
ახლო აღმოსავლეთის ნავთობზე აღმოსავლეთ აზიის დამოკიდებულება მარტივად ახსნადია — რეგიონის უმსხვილესი ეკონომიკები ბევრად მეტ ნავთობს მოიხმარენ, ვიდრე აწარმოებენ. შედეგად, სატრანსპორტო, სამრეწველო და ნავთობქიმიური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ისინი იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, ახლო აღმოსავლეთი კი ამ შემთხვევაში ნედლი ნავთობის მსოფლიოში უდიდესი საექსპორტო ჰაბის როლს ასრულებს.
იაპონია ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას წიაღისეული საწვავის ადგილობრივი რესურსი თითქმის არ გააჩნია, ენერგორესურსებზე მაღალი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ის მთლიანად უცხოურ მომწოდებლებზეა დამოკიდებული. შედარებისთვის, ინდოეთსა და ჩინეთს პროცენტულად დამოკიდებულების უფრო დაბალი მაჩვენებლები აქვთ, თუმცა მათი ეკონომიკების მასშტაბებიდან გამომდინარე, იმპორტის აბსოლუტური მოცულობა კოლოსალურია.
აქვე საინტერესოა, რომ რეიტინგში ევროპული ქვეყნები შუა და ქვედა ნაწილებში არიან გადანაწილებულნი. სიაში შემავალ ევროპულ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მაღალი წილი ლიეტუვას აქვს (40%), მას მოსდევენ ისლანდია და პოლონეთი 34%-34%-ით. ხოლო ევროპის მსხვილი ეკონომიკები, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო და გერმანია, ზომიერ დამოკიდებულებას ინარჩუნებენ. მაგალითად, გერმანიის მაჩვენებელი მხოლოდ 6%-ია.