სასტუმრო Boutique Hotel 32-ის თანადამფუძნებლის, დევი თურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში სეზონი უკვე აქტიურად დაიწყო და ამჟამად, სასტუმრო 100%-იანი დატვირთულობით მუშაობს.

როგორც დევი თურმანიძე "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, ტურისტულ ობიექტზე ვიზიტორების დაახლოებით 50%-ი უცხოელია. მისივე ცნობით, სასტუმროში არაბი ტურისტებიც არიან, რომლებიც საკმაოდ რთულ სეგმენტს წარმოადგენენ. მაგალითად, კვების მიმართულებით საკუთარი კულტურისთვის დამახასიათებელი კერძების დაგემოვნება სურთ.

"არაბი და ინდოელი ვიზიტორები კვლავ ჩამოდიან, თუმცა მათი რაოდენობა მიმდინარე მოვლენების გამო შემცირებულია. ზოგადად, არაბი ვიზიტორები საკმაოდ სპეციფიკური, რთული სეგმენტია. მაგალითად, ნომრების დასუფთავება მეტ ძალისხმევას მოითხოვს, ხოლო კვების მიმართულებით საკუთარი კულტურისთვის დამახასიათებელი კერძების მირთმევა სურთ. მინდა გითხრათ, ბათუმი აღნიშნულ მოთხოვნებსაც მოერგო და მათზე ორიენტირებული რესტორნები და კვების ობიექტები საკმაოდ ბევრი გაიხსნა. აღნიშნული სეგმენტი როგორც მაღალ, ისე შედარებით დაბალმხარჯველუნარიან ვიზიტორებს აერთიანებს, თუმცა როგორც წესი, ქალაქში ხანგრძლივი პერიოდით რჩებიან.

ზოგადად, ბათუმში არასეზონურ პერიოდში მუშაობა ფაქტობრივად თვითგადარჩენის რეჟიმში გვიწევს, თუმცა ახლა სექტემბერ-ოქტომბრამდე იმედია, მაღალი დატვირთულობა შენარჩუნდება. წინასწარი ჯავშნებიც საკმაოდ დიდი რაოდენობით გვაქვს. სტუმრები გვყავს ევროპის ქვეყნებიდანაც, თუმცა მათი წილი, მაგალითად, თურქ ტურისტებთან შედარებით მცირეა. გასულ წლებშიც თურქი ვიზიტორები უფრო ჭარბობდნენ. ადრე აქტიურად გვყავდა სტუმრები ისრაელიდან, თუმცა ამ შემთხვევაშიც მიმდინარე მოვლენების ფონზე ისრაელიდანაც ჯავშნები პრაქტიკულად აღარ გვაქვს. 

ამ ეტაპზე გაფართოებას არ ვაპირებთ. ზოგადად, ბათუმი ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მიმზიდველი მიმართულებაა. ქალაქში აქტიური პროცესები მიმდინარეობს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება", - აღნიშნავს დევი თურმანიძე.

ცნობისთვის, ბათუმში მდებარე სასტუმრო Boutique Hotel 32 ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და 21 ნომრისგან შედგება.

წყარო: ბიზნესპარტნიორი