ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა გარემოს დაცვის მიმართულებით, გრძელდება საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების დანერგვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, შვეიცარიულ კომპანიასთან ერთად განისაზღვრა მყინვარულ და პერიგლაციალურ პროცესებთან დაკავშირებული რისკები და მაღალი რისკის შემცველი უბნები.

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით შოვის ტრაგედიის შემდეგ და, რა თქმა უნდა, ეს შეფასება, საბოლოო ჯამში, მოგვცემს გრძელვადიან პერსპექტივაში მსგავსი ტიპის რისკების დაზღვევის შესაძლებლობას. 11 მეწყრულ უბანზე დამონტაჟდა თანამედროვე მონიტორინგის აპარატურა.

ასევე მუშავდება მდინარეთა სააუზო მართვის გეგმები: შემუშავდა ალაზან-იორის გეგმა, მომზადდა რიონისა და ენგურის სააუზო გეგმების პროექტები. მნიშვნელოვნად გაფართოვდა წყლის რესურსების მონიტორინგის სახელმწიფო ქსელი. განთავსდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურები ფოთში, ოზურგეთში, თაზაქენთსა და ზესტაფონში - ზესტაფონში ორი ასეთი სადგური განთავსდა,“- აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში,  დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით.

„გაგრძელდა მუშაობა დაცული ტერიტორიების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით. დაარსდა რაჭის დაცული ლანდშაფტი და გაფართოვდა რაჭის ეროვნული პარკი, გაფართოვდა არაგვის დაცული ლანდშაფტი, განხორციელდა კვლევები სვანეთის, ლეჩხუმისა და კახეთის დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით. ჯამში, საანგარიშო პერიოდში, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა 59 000 ჰექტრით.

ტყის აღრიცხვის სამუშაოები განხორციელდა 126 000 ჰექტარ ფართობზე. მოეწყო 10-კილომეტრზე მეტი სიგრძის და რეაბილიტირდა 89 კილომეტრი სიგრძის სატყეო გზა. განხორციელდა ტყის აღდგენა-განაშენიანების ღონისძიებები 3 355 ჰექტარ ფართობზე. მკაცრი ზომები გატარდა ტყის უკანონო ჭრის წინააღმდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელსაც მივაღწიეთ გასული 1 წლის განმავლობაში. ტყის უკანონო ჭრა იყო ძალიან მძიმე და მანკიერი პრაქტიკა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იყო ეს პრობლემა და ამ კუთხით მივაღწიეთ პრინციპულ გარდატეხას საანგარიშო პერიოდის განმავლობაში,“- აღნიშნა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს