საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით, შემოსულია რუმინეთის ავიაკომპანია DAN AIR- ის განაცხადი, რომელიც 1 ივლისიდან გეგმავს რეგულარული ფრენების შესრულებას ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტის თანახმად, წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირების უფლება 2 ახალ ავიაკომპანიას, Norwegian Air Sweden და China Eastern Airlines-ს მიენიჭა.

ამასთან, 2025 წლის პიკურ პერიოდში (აგვისტო-სექტემბერი) საქართველოს აეროპორტებში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 122 საჰაერო ხაზზე, საშუალოდ, 760 სიხშირით ოპერირებდა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა: British Airways, Easyjet UK, Easyjet Switzerland, Easyjet Europe, Edelweiss, Air Serbia, Transavia France, Air Serbia, Electra Airways, Almasria Airlines, SAM Air, Fly Khiva, Vision Air.

„ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად, 2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს საავიაციო სექტორში შენარჩუნდა საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. 2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 7799 რეისი განხორციელდა. 2025 წლის იანვარ-მარტში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 8.70%-ით გაიზარდა. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირების უფლება 2 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა (Norwegian Air Sweden, China Eastern Airlines). 

ევროკავშირთან „ერთიანი საჰაერო სივრცის“ შეთანხმების ფარგლებში, საქართველო განაგრძობს საავიაციო რეგულაციების დანერგვას, უსაფრთხოებისა და მომხმარებელთა დაცვის მიზნით; საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა ახალი ფრენის წესი და მიღებულ იქნა ICAO-ს სტანდარტებთან შესაბამისი რიგი წესები“, - წერია ანგარიშში.