„საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ გრანტის მიღებისა და გაცემის უფლებამოსილება ეძლევა.
პარლამენტმა მესამე მოსმენით - 81-ხმით, ერთხმად „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის საფუძველზეც ცვლილება გრანტის გაცემისა და მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტთა წრეში განხორციელდა. კერძოდ, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ გრანტის გამცემ სუბიექტად განისაზღვრა. ამასთან, აღნიშნული ფონდი გრანტის მიმღებ სუბიექტთა ჩამონათვალს ემატება და დგინდება, რომ მისთვის საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გადაცემული სახსრები შესაძლებელია გრანტად იქნეს მიჩნეული.
დღეის მდგომარეობით, კანონმდებლობა არ იძლევა შესაძლებლობას, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან გრანტი მიიღოს ან გრანტი სხვა პირებზე გასცეს.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, რომლის აქციათა 100%-ის მფლობელი სახელმწიფოა, საწესდებო მიზნების განსახორციელებლად გეგმავს სხვადასხვა დონორი ორგანიზაციებისგან გრანტების მოზიდვასა და იგივე მიზნობრიობით თავის მხრივ გრანტების გაცემას კანონმდებლობით გათვალისწინებულ პირებზე.
საკანონმდებლო ცვლილებების გარეშე კი, მოქმედი საკანონმდებლო რეგულირების პირობებში, ფონდს არც გრანტის მიღება და არც გრანტის გაცემა არ შეეძლო.
შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ფონდს შესაძლებლობა აქვს დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული გრანტებით ისარგებლოს, ხოლო კანონმდებლობით გათვალისწინებულ გრანტის მიმღებ სხვა პირებს შესაძლებლობა ეძლევა, სს “საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდისგან“ გრანტები მიიღონ.