მთავრობამ 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მეორედ გადახედა და ელის, რომ წელს 8%-იანი ზრდა იქნება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე ბიუჯეტის 6 თვის შესრულების წარდგენისას განაცხადა.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე ამბობს, გასული სამი წელი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საკმაოდ კარგი გვქონდა და დიდი ალბათობით, წელს მაჩვენებელი 8%-ს გადააჭარბებს.

„2021-2022 წლებში იყო ორნიშნა ზრდა, უკვე 2023 წელს 7.5% შეადგინა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა და ძალიან კარგია, რომ ეს დინამიკა წელსაც გრძელდება. პირველ კვარტალში გვქონდა 8.4%, მეორე კვარტალში - 9.5%. ჯამში, წლის პირველ ნახევარში იყო 9%-იანი ზრდა, თუმცა უკვე ივლისში კიდევ უფრო მაღალი იყო მაჩვენებელი და 13% შეადგინა. წინასწარი მონაცემით, 7 თვეში გვაქვს 9.7% ეკონომიკური ზრდა. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ გადავხედოთ წლიურ პროგნოზსაც. ივლისში, როდესაც გადავხედეთ 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გვქონდა პროგნოზი გაკეთებული, თუმცა ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ალბათობით, 8%-ს გადააჭარბებს. ამიტომ, ჩვენ 2024 წლის ბიუჯეტების განახლებულ პარამეტრებში, რომელიც 2025 წლის ბიუჯეტთან ერთად იქნება წარმოდგენილი, უკვე 8%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გვექნება წლევანდელი წელი გათვლილი“,- აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვის წარდგენისას.