გორელი აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
უწყებაში ამბობენ, რომ ბაბაევი დაკავებულია ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დღეს გორში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნება” მოსახლეობას ხვდება.
მედიის ცნობით, ბაბაევის რესტორანი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედაა, სადაც დღევანდელი ღონისძიებისთვის სცენა დაამონტაჟეს. „TV პირველზე” გასული ვიდეომონაკვეთით ირკვევა, რომ ბაბაევი კუთვნილ რესტორანში მანქანით შესვლას მოითხოვდა, რის უფლებასაც მას პოლიცია არ აძლევდა.
ცნობისთვის, იოსებ ბაბაევი 5 ივნისსაც დააკავეს, თუმცა მაშინ სისხლის სამართლის წესით. მას იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება ედავებოდნენ.