მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ვებგვერდებს შორის ტრადიციულად Google და YouTube ლიდერობენ, თუმცა რეიტინგში განსაკუთრებულ ყურადღებას ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა ChatGPT-ის პოზიცია იქცევს. Visual Capitalist-ის მიერ Semrush-ის მონაცემებზე დაყრდნობით მომზადებული რეიტინგი 2026 წლის სექტემბერში ვებგვერდების მიერ მიღებული ვიზიტების რაოდენობას ასახავს.
რეიტინგის მიხედვით, პირველ ადგილს Google იკავებს, რომელსაც სექტემბერში 108.9 მილიარდი ვიზიტი ჰქონდა. მეორე ადგილზეა YouTube 59.97 მილიარდი ვიზიტით, ხოლო მესამე პოზიციას Facebook იკავებს — 12.21 მილიარდი ვიზიტით. აღსანიშნავია, რომ Google-ისა და YouTube-ის ჯამური მაჩვენებელი 168.9 მილიარდ ვიზიტს შეადგენს, რაც დანარჩენი 38 ვებგვერდის ერთობლივ მაჩვენებელს თითქმის ორჯერ აღემატება.
რეიტინგში მეოთხე ადგილზე ChatGPT გავიდა, რომელმაც სექტემბერში 8.23 მილიარდი ვიზიტი დააგროვა. ხელოვნური ინტელექტის პლატფორმამ Instagram-საც გაუსწრო, რომლის მაჩვენებელმა 6.81 მილიარდი ვიზიტი შეადგინა. ხუთეულს სწორედ Instagram ასრულებს. შემდეგ პოზიციებზე არიან Reddit — 4.82 მილიარდი, WhatsApp — 4.26 მილიარდი და X — 4.17 მილიარდი ვიზიტით.
AI პლატფორმებს შორის ChatGPT-ის მთავარი კონკურენტი Claude რეიტინგში 21-ე ადგილზეა, 1.58 მილიარდი ვიზიტით. ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ Microsoft-ის Bing, Amazon, Wikipedia, TikTok, LinkedIn, Netflix, Pinterest და სხვა ცნობილი პლატფორმები.