პაპმა ფრანცისკემ აშშ-ს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრა და რესპუბლიკური და დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატები, დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისი მათი პირდაპირი დასახელების გარეშე გააკრიტიკა. თუმცა, პაპმა ფრანცისკემ არჩევნებში ხმის მიცემაზე უარის თქმა დაგმო და კათოლიკეებს "უმცირესი ბოროტების" არჩევისკენ მოუწოდა.

"ხმის არ მიცემა უმსგავსობაა. არ არის კარგი. ხმა უნდა მისცეთ. უმცირესი ბოროტება უნდა აირჩიოთ. რომელია უმცირესი ბოროტება? ის ქალბატონი, თუ ის ბატონი? არ ვიცი. ყველამ თავისი სინდისის მიხედვით უნდა განსაჯოს და გააკეთოს ეს“. - თქვა პაპმა ფრანცისკემ.

პაპი ფრანცისკეს თქმით, როგორც ჰარისის, ისევე ტრამპის მხარდაჭერილი პოლიტიკა სიცოცხლეს ვნებს. პაპმა კანდიდატების პირდაპირი დასახელების გარეშე აბორტისა და მიგრაციის საკითხების შესახებ მათ პოზიციებზე მიუთითა და ისინი დაგმო.

"იქნება ეს ის, ვინც მიგრანტებს დევნის თუ ის, ვინც ბავშვებს ხოცავს, ორივე სიცოცხლის წინააღმდეგნი არიან". - თქვა პაპმა.

პაპმა ფრანცისკემ თქვა, რომ აბორტი ადამიანის მკვლელობაა და მას გამართლება ვერ მოეძებნება.  

"ამ საკითხებზე ძალიან ნათლად უნდა ვისაუბროთ. არანაირი "მაგრამ" ან "თუმცა". - თქვა ფრანცისკემ.

ფრანცისკემ მიგრაცია "უფლებად" მოიხსენია და თქვა, რომ მისი შეზღუდვა ცოდვაა.

"მიგრანტების მიღებაზე უარის თქმა ცოდვაა. დიდი ცოდვაა". - თქვა ფრანცისკემ.

აქამდე, ტრამპს უთქვამს, რომ პრეზიდენტად ხელმეორედ არჩევის შემთხვევაში უკანონო მიგრანტებს ქვეყნიდან გააძევებს, ხოლო ჰარისმა თქვა, რომ ხელს მოაწერს კონგრესის მიერ წარდგენილ კანონპროექტებს, რომლებიც ეროვნულ დონეზე აბორტის ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად.  

წყარო: ტაბულა