გლობალურმა ტექკომპანიებმა საქმიანი და ბიზნესს ფრენების ემისიები 2023 წელს, 2019-თან შედარებით, გაანახევრეს, თუმცა ტექნოლოგიური გიგანტები - Apple და Alphabet (Google) - ტენდენციას ჩამორჩნენ და საავიაციო ემისიებით პანდემიამდელ დონეს მიუახლოვდნენ - ამის შესახებ ბელგიური არასამთავრობო ორგანიზაცია Travel Smart-ის ახალ კვლევაშია საუბარი.

გასულ წელს საქმიანი ტურიზმის მაჩვენებლები პანდემიამდელ დონეს თითქმის სრულად დაუბრუნდა და სექტორში, საშვებულებო დასვენების შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა - გეოპოლიტიკურმა კონფლიქტებმა და ძირითადი ბაზრების აღდგენის შენელებულმა ტენდენციამ სრულ აღდგენას შეუშალა ხელი.

Travel Smart-ის ანგარიშში 26 უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის კორპორაციული ფრენების ემისიებია გაანალიზებული და დგინდება, რომ 2019 წლის შემდეგ კომპანიებმა საავიაციო ემისიები, საშუალოდ, 49%-ით შეამცირეს. მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია, თუმცა კვლევამ აჩვენა, რომ 26-დან მხოლოდ 7 კომპანიამ შეიმუშავა გეგმა ემისიების შემცირების მიზნით.

Alphabet-ისთვის, რომელიც Google-ის მშობელი კომპანიაა, ემისიების შემცირება მიზანი არასდროს ყოფილა, Apple-მ კი, რომელმაც უფრო ზოგადი მიზანი დაისახა, 2019 წლის მაჩვენებლებს მაინც უახლოვდება. შესაბამისად, კომპანიებმა ემისიები მხოლოდ 23% და 21%-ით შეამცირეს.

მიუხედავად შესამჩნევი შემცირებისა, Microsoft-ი, IBM-ი და SAP იმ კომპანიათა რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც ყველაზე მეტ ფრენას ახორციელებენ, ემისიების შესამცირებლად კი კონკრეტულ გეგმებს არ სახავენ.

შედეგებზე საუბრისას Apple-ის წარმომადგენელმა Reuters-თან განაცხადა, რომ კომპანიამ სათბურის აირების ემისიები 2015 წლიდან დღემდე 55%-ით შეამცირა და 2030 წლისთვის ნახშირბად-ნეიტრალურობის მიღწევასაც გეგმავს. მისივე თქმით, Apple ემისიების შემცირებას ყველა მიმართულებით, მათ შორის საქმიანი ტურიზმის მიმართულებით ცდილობს, თუმცა მნიშვნელოვან უპირატესობას ემისიების მთავარ წყაროებს ანიჭებენ.

სხვა კომპანიებს კი კვლევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

წყარო: BMG